25 აპრილი 2024,   09:19
ვრცლად
მთავარი პროკურორობის კანდიდატები ცნობილია - საპროკურორო საბჭოს წევრი დეპუტატების შეფასებები

მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი - შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე, ნინო გოგნიაშვილი, საპროკურპორო საბჭოში უკვე წარდგენილია. თითოეულ მათგანთან გასაუბრება მომავალ კვირაში დაიწყება, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრა გაიმართება, გამარჯვებულმა კანდიდატმა საპროკურორო საბჭოს წევრების, მინიმუმ, 2/3-ის ხმა უნდა მიიღოს.

საპროკურორო საბჭოში შედიან პროკურორები, ადვოკატები, დეპუტატები. საპროკურორო საბჭოს წევრი, ეკა ბესელია საკუთარ ფავორიტზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა შალვა თადუმაძეს დადებითად და პროფესიონალ ადამიანად ახასიათებს.

„ბატონი შალვა ძალიან კარგი თვისებებით გამოირჩევა, როგორც მოხელე, როგორც იურისტი, როგორც პროფესიონალი. შემიძლია, ძალიან კარგად დავახასიათო, შემდეგ ეტაპზე კენჭისყრის დროს ასევე წარდგენილია ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი - ბატონი შავგულიძე, ერთი აუცილებლად უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესი, ვნახოთ, გავაგრძელოთ უნდა შემდეგი ეტაპი,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპროკურორო საბჭოს წევრია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ოთარ კახიძე. პარტია მათ მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარდგენილ შალვა შავგულიძეს უჭერს მხარს.

„ევროპულმა საქართველოს“ ხელისუფლებას შესთავაზა შალვა შავგულიძის კანდიდატურა, რომელზეც ვერც იმას იტყვიან, რომ მოქმედი ხელისუფლების სამსახურშია, ან წინა ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

კახიძის თქმით, შალვა თადუმაძის მიმართ საზოგადოებას ნდობა არ ექნება, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი და „ქართული ოცნების“ იურისტია.

„ჩვენ მთავარ პროკურორად ივანიშვილის კონტროლირებადი ფიგურა არ გვჭირდება,“- განაცხადა კახიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები