18 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
პროკურორობის 3 კანდიდატი იუსტიციის მინისტრის გარეშე შეარჩიეს - შალვა თადუმაძე "ქართული ოცნების" ფავორიტია

მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი თეა წულუკიანის გარეშე შეარჩიეს. ვიდრე იუსტიციის მინისტრი ოფიციალურ შვებულებაში იმყოფება, მისმა პირველმა მოადგილემ 18-დან სამი კანდიდატი საპროკურორო საბჭოს გადაუგზავნა. მიხეილ სარჯველაძემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო, თუმცა ჟურნალისტების კითხვებს თავი აარიდა.

მთავარი პროკურორობის შერჩეულ კანდიდატებს შორის მოხვდა „ქართული ოცნების“ ფავორიტი - მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო, შალვა თადუმაძე. მას ნათესაური კავშირი აქვს თეა წულუკიანთან, იუსტიციის მინისტრი პროკურორობის კანდიდატის შვილის ნათლიაა. თადუმაძემ დღეს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

შალვა თადუმაძესთან ერთად კანდიდატებს შორის მოხვდა „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი შალვა შავგულიძე. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ შერჩევის ეტაპზე პროცესიდან მის ჩამოშორებაზე პასუხისმგებლობა ვერ აიღო, თუმცა ახლა ზეწოლა საპროკურორო საბჭოს წევრებზე მოხდება.

მთავარი პროკურორობის კიდევ ერთი კანდიდატია ნინო გოგნიაშვილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თავი შეიკავა იმ პრობლემების დასახელებისგან, რომელიც მისი აზრით, პროკურატურაში დაგროვდა.

საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განსახილველად არც ერთი მოქმედი პროკურორი არ წარუდგინა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პროცესს უნდობლობას უცხადებს. ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ვინ იქნება ახალი პროკურორი, გადაწყვეტს არა საპროკურორო საბჭო ან პარლამენტი, არამედ ბიძინა ივანიშვილი. პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს არც „პატრიოტთა ალიანსი.“

საპროკურორო საბჭოს მიერ მომავალ კვირაში შერჩეული კანდიდატი მთავრობას წარედგინება, მთავრობის თანხმობის შემდეგ კი პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები