16 აპრილი 2024,   21:40
ვრცლად
160 მილიონი ლარი ხელისუფლების პიარში - "ქართული ოცნების" შეფასება "გამჭვირვალობის" კვლევაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, მმართველმა გუნდმა 5 წლის განმავლობაში პიარში 160 მილიონი ლარი დახარჯა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, მათ გაუჭირდებათ, შეაფასონ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული რიცხვების ადეკვატურობა და ის თუ რამდენად ეფექტურად იხარჯება რეკლამირებისთვის თანხები. საპარლამენტო უმრავლესობაში ასევე მნიშვნელოვანად მიაჩნიათ, რომ პიარისთვის გარკვეული თანხა უნდა დაიხარჯოს.

„რამდენად ეფექტურია და რამდენად შეიძლება, რომ მაგალითად, თანხებში უფრო ეფექტურად განხორციელდეს, მე ამას ვერ შევაფასებ იმიტომ, რომ მე ამის კომპეტენცია არ მაქვს. ამისთვის არსებობს აუდიტის სამსახური და მსგავსი უწყებები, რომლებიც ასეთ ეფექტიანობას აფასებენ, მაგრამ ზოგადად, სახელმწიფოს რომ სჭირდება როგორც ნაბიჯების, ასევე ღონისძიებების განხორციელება და რესურსების დახარჯვა იმაზე, რომ საზოგადოებას სერვისებზე ინფორმაცია მიაწოდოს, ეს ლეგიტიმური ხარჯია,“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ საზოგადოებამ ინფორმაცია შეიტყოს.

„მე არ ვთვლი, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ფული უნდა დაიხარჯოს, მაგრამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რა კეთდება იმისთვის, არა იმ კუთხით ხელისუფლება რა კარგია, ესეც მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესისთვის, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რა ეკუთვნით, რას უკეთებს ხელისუფლება, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ არჩევნების დროს,“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მმართველი გუნდის ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ დღეს მოქმედი ხელისუფლების დროს პიარში გაცილებით ნაკლები თანხა იხარჯება, ვიდრე მათი წინამორბედის დროს.

„ეს ყველაფერი არის გასაანალიზებელი, დასათვლელი და შესასწავლი, ასე უბრალოდ ციფრის ხსენება არაფერს ამბობს, თუ არ ნახე ყველაფერი. ამ შემთხვევაში შეიძლება უმეტესობა იყოს ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად იგივე, შეიძლება საერთაშორისო გამოფენებზე. ამიტომ, სანახავია, რაშია ეს ყველაფერი დახარჯული. ჩვენი ხელისუფლების მიმართ პირიქით არის პრეტენზია, რომ რასაც აკეთებთ, იმას კარგად არ აპიარებთ, ამიტომ შედარება არ არის იმ ხარკებთან, რაც ადრე იყო გაწერილი,“- განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

დღის ამბები