19 აპრილი 2024,   23:57
ვრცლად
180 ათას დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი - ოპოზიცია დავით ნარმანიას დეკლარაციაში არსებულ უზუსტობებზე საუბრობს 

თბილისის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ, თბილისში მიწის ნაკვეთი, თითქმის, ნახევარ მილიონ ლარად შეიძინა. სემეკის წევრის, დავით ნარმანიას, ქონებრივ დეკლარაციაში ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, უზუსტობები აღმოაჩინა.

დოკუმენტის მიხედვით, ყოფილმა მერმა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთში 180 ათასი ამერიკული დოლარი, ანუ თითქმის ნახევარ მილიონი ლარი გადაიხადა. ამისთვის დავით ნარმანიამ საქართველოს ბანკიდან 50 ათასი დოლარი ანუ, დაახლოებით, 122 ათასი ლარი ისესხა.

ოპოზიციას აინტერესებს, საიდან ჰქონდა ყოფილ მაღალჩინოსან დანარჩენი 320 ათასი ლარი, როცა დეკლარაციის მიხედვით, მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი 60 ათას ლარს არ აჭარბებს, სხვა დანაზოგი ანაბარი ან რაიმე დამატებითი შემოსავალი კი დოკუმენტში არ ჩანს.

დავით ნარმანიას დეკლარაციაში არც ის მიუთითებია რომ „დიღომი7"-ში, მიწის ნაკვეთთან ერთად, 3-სართულიანი სახლიც შეიძინა.

ყოფილმა მერმა ეს უზუსტობა იმით ახსნა, რომ ნაკვეთზე ძალიან ძველი და გამოუსადეგარი კარკასი დგას, რომელიც უნდა დაანგრიოს და დოკუმენტში ამიტომ არ მიუთითა.

საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ დავით ნარმანიამ ნამდვილად გაყიდა ქონება ბერბუთის ქუჩაზე. მას 2018 წლის დეკლარაციაში მითითებული ჰქონდა, რომ ფლობდა 97 კვადრატული მეტრის ფართის ბინას ბერბუთის 8 ნომერში. თუმცა, საცხოვრებელი, რომელიც ყოფილმა მერმა გაზაფხულზე გაყიდა, 140 კვადრატული მეტრის ფართობის იყო და ის ბერბუთის 5ა ნომერში მდებარეობდა.

რატომ დამალა ყოფილმა მერმა დოკუმენტში, რომ ის ბერბუთის ქუჩაზე კიდევ ერთ უძრავ ქონებას ფლობდა, უცნობია.

დაინტერესდებიან თუ არა დავით ნარმანიას შემოსავლებით შესაბამისი სამსახურები და მოუწევს თუ არა მას რაიმე სახით პასუხისგება, ჯერ უცნობია.

დღის ამბები