25 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
160 მილიონი ლარი მთავრობის რეკლამირებისა და PR-ის თანამშრომელთა ხელფასებისთვის - "გამჭვირვალობის" კვლევა

მილიონები ბიუჯეტიდან მთავრობის პიარისთვის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის შედეგების მიხედვით, მთავრობამ 5 წლის განმავლობაში 160 მილიონი ლარი, რეკლამასა და პიარის თანამშრომელთა ხელფასებში დახარჯა.

2012 წელს ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს მხოლოდ პიარღონისძიებებსა და რეკლამაში 12 მილიონი ლარი იხარჯებოდა.

კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წელს „ქართულმა ოცნების" მიერ მხოლოდ პიარღონისძიებებსა და რეკლამებში წინა ხელისუფლებაზე ორჯერ მეტი - 28 მილიონია დახარჯული. 

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, სხვადასხვა სახის PR ღონისძიებაში, სარეკლამო რგოლებსა და ტურისტულ გამოფენებში ყველაზე მეტი თანხა დახარჯა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ. შემდეგ პოზიციაზეა ღვინის ეროვნული სააგენტო და პროექტი ”აწარმოე საქართველოში”.

5 წელიწადში დახარჯული 160 მილიონი ლარიდან 61 მილიონი ხელფასებში დარიგდა.  მაგალითად, პრემიერებს - ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის იმიჯსა და პოპულარიზაციაზე მომუშავე ჯგუფის ანაზღაურება ხუთ წელიწადში 12 მილიონი ლარი დაჯდა. ამის შესახებ მასალები „გამჭვირვალობამ“ მთავრობის ადმინისტრაციიდან სასამართლოს ძალით მოიპოვა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ დათვლილი რიცხვების ადეკვატურობის შესახებ საუბარი მმართველ გუნდში უჭირთ, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ PR და რეკლამა ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

ოპოზიციის აზრით კი, 160 მილიონი ლარი ძალიან ბევრია. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ თანხა მხოლოდ საზოგადობის ინფორმირებას არ ხმარდებოდა და თანხის დიდი ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნოდ გამოიყენა.

ამავე თემაზე
დღის ამბები