20 აპრილი 2024,   01:52
ვრცლად
რუსი სამხედროები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე - ოკუპანტები დოლომიტების საბადოს მიტაცებას გეგმავენ 

რუსი ოკუპანტები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორია, სადაც რუსი ოკუპანტები გადაადგილდებიან, საოკუპაციო ხაზიდან, რომელიც მოსკოვმა გაავლო, მოშორებულია.

ოკუპანტებს გადაადგილებაში ხელს არავინ უშლის და არც სამართალდამცველები რეაგირებენ. ტერიტორია, სადაც რუსი სამხედროები პატრულირებენ სოფელ კოდას ესაზღვრება. ათეულობით ოჯახი საფრთხეშია, რადგან იქ, სადაც მინდვრებში დაბანაკებული ოკუპანტები გადაადგილდებიან ხალხი საქონელს აძოვებს.

სამოქალაქო აქტივისტი, მიხეილ ბელიაშვილი ამტკიცებს, რომ სამივე ჯარისკაცი სნაიპერული შაშხანით იყო შეიარაღებული. მორიგე აქტივისტი ყვება, რომ საქართვლოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები ხშირად გადმოდიან.

ე.წ. საოკუპაციო ზოლთან ქართველებს, რამდენიმე მეტრით ახლოს მიკარება ეკრძალებათ.

დავით ქაცარავა დარწმუნებულია, რომ რუსი ჯარისკაცების მიზანი დოლომიტების საბადოს მიტაცებაა. დოლომიტების საბადო ცხინვალის რეჟიმმა იმ სიაში შეიყვანა, რომელზეც მათ კონტროლი უნდა დაამყარონ და უკვე ოკუპირებულ რეგიონს მიუერთონ.

საოკუპაციო რეჟიმის გეგმის განხორციელების შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიათა ნუსხაში მოხვდება სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაც. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე გადაადგილება ისედაც სახიფათოა.

მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას მაცხოვრებლებიც. სოფელში ამბობენ, რომ ცხინვალის ტელევიზიაში გახმოვანებული ინფორმაცია მოისმინეს, სადაც მათი სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია მისატაცებელ ტერიტორიათა ჩამონათვალში მოიხსენიეს.

დავით ქაცარავა დარწმუნებულია, რომ რუსების მორიგი სამიზნე სწორედ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტალკის საბადოა.

სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიწების დაბრუნების შესახებ არასერიოზულად აღიქვამს ოფიციალური თბილისი. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ყველაზე კარგ გამოსავლად ამ თემის იგნორირებას თვლის.

ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მავთულხლართების პერიმეტრზე 24-საათიან პატრულირებას საკუთარი ძალებით ახორციელებენ. 

დღის ამბები