20 აპრილი 2024,   05:09
ვრცლად
პირი, რომელიც შს მინისტრთან შეხვედრას მთავაზობდა სირიაში იბრძოდა და რამაზ მარგოშვილს ნახულობდა - მაჩალიკაშვილის სკანდალური ინტერვიუ

„მე მას ვხედავდი ხშირად რამაზ მარგოშვილთან მოდიოდა, ახლა, რომელიც დაკავებულია ტერორიზმთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ მიგზავნილ პირთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა "შაბათის კუერიერთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ მას კონსპირაციულ ბინაში შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას სთავაზობდნენ. თუმცა, აცხადებს, რომ ამ ბინაში, მის დაკავებას ან აფეთქებას გეგმავდნენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას სუს-ის აგენტ-პროვოკატორები შეხვდნენ და უთხრეს, რომ თუ საიდუმლო ბინაში მისვლას დათანხმდებოდა, გახარია უამბობდა ყველაფერს, რაც კი მისი შვილის მკვლელობის შესახებ არ იცოდა.

ერთი ვერსიით, ის უნდა აეფეთქებინათ, ვითომ ეს თავად გააკეთა, მეორე ვერსიით, კი ტერაქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით უნდა დაეკავებინათ.

მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ტელეფონზე დაურეკეს და შეთავაზეს შს მინისტრთან შეხვედრა, რომელიც მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდა.

„ჩვენ გვინდა, რომ თქვენ შეხვდეთ ბატონ გახარიას. მას აქვს თქვენთვის სათქმელი ძალიან ბევრი თემირლანის მკვლელობის გარშემო დატრიალებულ ამბავთან და მე უნდა დავთანხმებულიყავი ამ შემოთავაზებაზე. მე მართალია, ეს ადამიანი, როგორც დავინახე, მე სადღაც ასეთ საეჭვო ადგილებში დანახული, ნუ ასე მყავდა დანახული, როგორც დავინახე არ მომეწონა,“  -განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, შს მინისტრთან შეხვედრის ორგანიზებას ჰპირდებოდა პირი, რომელსაც მუჰამედს ეძახიან. მაჩალიკაშვილის განცხადებით, ეს ადამიანი სირიაში იბრძოდა და ასევე, მეგობრობდა რამაზ მარგოშვილთან, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს და ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით არის დაკავებული.

„რამდენადაც მე ვიცი, გადმოცემით ვიცოდი, ის იყო სირიაში ნამყოფი. აქედან გამომდინარე, მე მას ვხედავდი ხშირად რამაზ მარგოშვილთან მოდიოდა, ახლა, რომელიც დაკავებულია ტერორიზმთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის თქმით, მუჰამედმა უთხრა, რომ მისი მეგობარი გიორგი გახარიას ახლო ნათესავია, საიდანაც მიიღო ეს შეთავაზება.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, ამ ადამიანს კანდელაკზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა, სადაც მან კონსპირაციულ ბინაში გახარიასთან შეხვედრა კიდევ ერთხელ შესთავაზა.

„რახან რაღაც საეჭვო დავინახე ამაში, მე შევთავაზე ასეთი რამ, მე ამაზე ვიფიქრებ და ხვალ შევხვდეთ მეთქი,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მეორე დღესაც შეხვდა, რა დროსაც ის ცდილობდა, რომ გაეგო ამ ადამიანის მიზნები და კვლავ გადადო შეხვედრა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მესამე შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ პირთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, ბესლან ლორსანოვი, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე ერთ-ერთი აქციის დროს შსს-მ დააკავა.

მანამდე კი, მაჩალიკაშვილის თქმით, პარლამენტის წინ კარვების აღების დღეს ლორსანოვი სუს-ის თანამშრომლებს ესაუბრებოდა.

მაჩალიკაშვილის თქმით, ის ლორსანოვს შორიდან იცნობდა, რომელიც ინტერპოლით ძებნილი იყო.

„მე შევთავაზე ასეთი რამ, არა, მე თქვენთან ერთად არ წამოვალ, თუ ასე შეგტკივათ ჩემზე გული, თუ ის შუამავალი, რომელიც არის შენი მეგობარი და ბატონი გახარიას ძალიან ახლობელი, ამ შემთხვევაში, ამოდით პანკისის ხეობაში, იქ შემახვედრეთ, უარი ვუთხარი და იქ დამთავრდა ყველაფერი,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები