19 აპრილი 2024,   18:56
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - მამა გიორგი მზად არის, მღვდელმთავრებს ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს

მსჯავრდებული დეკანოზის გზავნილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან - მამა გიორგი მამალაძე მზად არის, ე.წ. ციანიდის საქმით დაინტერესებულ მღვდელმთავრებს შეხვდეს და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ განცხადება მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.

უფლებადამცველის თქმით, მამა  გიორგი მამალაძეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტთან, მეუფე გრიგოლთან შეხვედრა სურს. თუმცა მსჯავრდებული მზად არის, შეხვედრა ნებისმიერ მღვდელმთავართან გამართოს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით მამა გიორგი მამალაძე აპირებს, ისაუბროს თუ ვინ რა როლს ასრულებდა ე.წ. ციანიდის საქმეში, მათ შორის არიან როგორც სასულიერო, ასევე სამოქალაქო პირები.

„ის მზად არის, ნებისმიერი რომელიმე მღვდელმთავარი, ვინც არ უნდა იყოს თუ გააჩნია კითხვები, ნებისმიერ დროს შევიდეს მასთან. სასოებით ელის მეუფე გრიგოლთან შეხვედრას. მზად არის, იმ კითხვებზე ისეთი პასუხები გასცეს, რომლითაც აბსოლუტურად ფარდა აეხდება ყველაფერს თუ ვინ რა როლს თამაშობდა და რასთან გვქონდა საერთოდ საქმე, მიიღებენ ამომწურავ პასუხს. შიდა სამზარეულოში  ისეთი საკითხები, რომელიც მღვდელმთავრებმა უკეთესად იციან და წმინდა სინოდის წევრებმა, უფრო მეტად მოთხოვნა გააჩნიათ, რომ ერთმანეთთან მიმართებაში გაერკვნენ. იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ გარკვეულ  ჯგუფებზეა ლაპარაკი, გარკვეულ დაპირისპირებებზეა ლაპარაკი. გარკვეულ სასულიერო პირების და საერო პირების მოქმედებებზე არის ლაპარაკი, რომელმაც ჩრდილში და დიდი ეჭვის ქვეშ დააყენა საერთოდ ყველაფერი,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა და აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძე კვლავ რჩება იმ აზრზე, რომ ციანიდის საქმე იყო მის და გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული.  

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

 

 

დღის ამბები