20 აპრილი 2024,   18:21
ვრცლად
მოსალოდნელი ცვლილებები - პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს

მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები - მამუკა ბახტაძე მთავრობის შემადგენლობას, სავარაუდოდ, ხვალ დაასახელებს. საპარალამენტო უმრავლესობის სხდომა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში ხვალ გაიმართება. პრემიერი ბახტაძე მინისტრთა კაბინეტის 11 კაციან შემადგენლობას თანაგუნდელებს სწორედ ხვალ წარუდგენს.  

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის პოსტს მიხეილ ბატიაშვილი დაიკავებს. კურიერის ინფორმაციით, ბატიაშვილთან კონსულტაციები დასრულებულია და ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ჩაიბარებს.

რა გეგმით მიდის რექტორი ბატიაშვილი განათლების სამინისტროში, უმრავლესობის წევრებმა არ იციან, თუმცა, ბატიაშვილის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარებათ.

მინისტრთა ახალ კაბინეტში ახალი სახე იქნება ფინანსთა მინისტრი. მამუკა ბახტაძის შემდეგ პოსტს ვანო მაჭავარიანი დაიკავებს, რომელიც წლების განმავლობაში ჯეოსელის  კომერციულ დირექტორად მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრი კი ექიმი-კარდიოლოგი გიორგი ქობულია გახდება, რომელიც წლებია, საკონსულტაციო კომპანიის მაქკინზის მოსკოვის ოფისში ანალიტიკოსად მუშაობს.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ არც ქობულიასა და არც მაჭავარიანს არ იცნობენ.

საპარლამენტო ოპოზიციამ დღეს მამუკა ბახტაძეს "ეკონომიკური ბლოკის პრემიერ-მინისტრი" უწოდა. ოპოზიცია ამბობს, რომ ძალოვან უწყების მინისტრებზე ექსკლუზივი ბიძინა ივანიშვილს აქვს და სწორედ ყოფილმა პრემიერმა თქვა უარი თეა წულუკიანის სახლში გაშვებაზე.

უმრავლესობის ერთმა ნაწილმა დღეს ოპონენტები გააკრიტიკა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები შეახსენა.

პარლამენტში განახლებული კაბინეტის წარდგენის უფლებამოსილება მთავრობას მას შემდეგ ექნება, როდესაც პრეზიდენტი სტრუქტურული ცვლილებების კანონპროექტთა პაკეტს ხელს მოაწერს და ძალაში შევა. 

დღის ამბები