20 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
დეპუტატების ქცევა და ლექსიკა შესაძლოა, სპეციალურმა საბჭომ გააკონტროლოს - "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებაა

პარლამენტის წევრების ქცევა და ლექსიკა შესაძლოა, სპეციალურმა საბჭომ გააკონტროლოს.

კონტროლის ახალი მექანიზმები დეპუტატების დიდ ნაწილს არ მოსწონს, მათ შორის არის დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნებიდან. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ასეთი ფორმით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები მათივე თანაგუნდელების გაკონტროლებას შეეცდებიან.

ეთიკის საბჭოს საკითხი ქართულ ოცნებაში ახალი მწვავე დაპირისპირების საფუძველი უკვე გახდა.   

მმართველი გუნდის ლიდერები უკვე მეორედ ცდილობენ, მიიღონ კანონი და დეპუტატების ქცევები და ლექსიკა აკონტროლონ. პირველი მცდელობა კრახით დასრულდა, ეთიკის საბჭოს შექმნა პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ ჩააგდო. ახლა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები მაკონტროლებელი საბჭოს შექმნას რეგლამენტში ცვლილებების მეშვეობით ცდილობენ.

თუ დეპუტატი შეიგინება და ან პარლამენტში სხვის ღირსებას შელახავს, ცვლილებების მიხედვით, პირველ ჯერზე მას გააფრთხილებენ, შემდეგ ხელფასის ნახევარს ჩამოაჭრიან და თუ გინებას მაინც გააგრძელებს, უცხოეთში ვიზიტები 6 თვით აეკრძალება.

სანქციების განხილვამ გუგული მაღრაძეს ახალი იდეა გაუჩინა. ის მომხრეა, რომ სანქციები დაუწესდეს ყველას, მათ შორის ჟურნალისტებსაც.

ეთიკის ახალ საბჭოს უფლება ექნება, გამოძიება აწარმოოს წესების დამრღვევი დეპუტატის წინააღდეგ, მოაგროვოს მტკიცებულებები და გამოითხოვოს დოკუმენტაცია.

საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი ოპოზიციას არ მოსწონს. ისინი ახალ წესებს ემხრობიან, თუმცა, მიაჩნიათ, რომ სანქციებს ქართული ოცნება ოპონენტების წინააღდეგ გამოიყენებს.

ცვლილებების დასამტკიცებლად დეპუტატების 76 ხმა არის საჭირო.

დღის ამბები