19 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
„ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა - მმართველ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ, პრემიერი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციას მმართველი გუნდი დღეს საღამოს 08:00 საათზე, პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეაჯერებს. ამის შემდეგ უკვე უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული, რომლის დასრულებისთანავე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემაგდენლობას უკვე მამუკა ბახტაძე წარმოადგენს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ახალი სახეები მხოლოდ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში იქნება.

„საღამოს გაიმართება, როგორც პოლიტსაბჭოს სხდომა, ასევე უმრავლესობის სხდომა და საბოლოოდ გადაწყდება მინისტრების საკითხი უმრავლესობასთან შეთანხმების შემდეგ და უფლებამოსილება სპეციალური საიმისოდ, რომ დაასახელოს მინისტრობის კანდიდატები გააჩნია პრემიერ-მინისტრს. მოდით დაველოდოთ  პრემიერ-მინისტრს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ ოპოზიციის განცხადება თითქოს სამთავრობო ცვლილებების ერთადერთი მიზეზი კვირიკაშვილის გუნდიდან გაშვება იყო რეალობასთან ახლოს არ არის.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ახალი შემადგენლობა, რომელსაც დაასახელებს პრემიერი, არ არის მთლიანად ახალი პოლიტიკური გუნდი. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით ეს არის იგივე გუნდში შექმნილი სამთავრობო გუნდი.

"ნაწილი არის ძველი, ნაწილი არის ახალი. განახლება მოხდა მაგრამ არა მთლიანად განახლება. ანუ ახალი გუნდი არ ჩამოყალიბდა. ეს ბუნებრივია და მგონია ამაზე განსაკუთრებული მოლოდინები არც იყო, რომ  100%-ით შეიცვლებოდა მთავრობა. ოპოზიციას რა თქმა უნდა ყოველთვის რაღაც დრამატული სცენარის დანახვა უნდა და წარმოჩენა. მაგრამ მე ვფიქრობ აქ არის პოლიტიკის  ცვლილება, მნიშვნელოვანი პოლიტიკის ცვლილებებია,“-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კანდიდატების დასახელებისგან თავს იკავებს გია ჟორჟოლიანი, მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ხედვა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით და ხელისუფლება იმუშავებს ამ მიმართულებით. 

დღის ამბები