14 ნოემბერი 2018,   05:36
ვრცლად
NATO-ს სამიტი ოფიციალურად გაიხსნა - საქართველოს შესახებ ლიდერები განცხადებებს აკეთებენ

NATO-ს სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. ალიანსის გენერალური მდივანი ახალ შტაბბინაში მისულ ლიდერებს პირადად დახვდა, რის შემდეგაც ტრადიციულად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

სამიტის ოფიციალური ნაწილი ატლანტიკური საბჭოს სხდომით გაგრძელდა, რომელზეც მონაწილეებს სიტყვით მიმართეს იენს სტოლტენბერგმა და ბელგიის პრემიერმინისტრმა.

ამის შემდეგ კი უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. საქართველოს შესახებ ლიდერები ხვალ ისაუბრებენ, თუმცა მათ დღესაც გააკეთეს კომენტარი.

„მოხარული ვარ რომ შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით ტარდება. ვფიქრობ, რომ ნატო უფრო ღია უნდა იყოს და შეინარჩუნოს ღია კარის პოლიტიკა. ალიანსმა ვერ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც პოლონეთი ელოდა. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის უსაფრთხოებას და ამ პოლიტიკას ვატარებთ ნატოს შიგნითაც. რაც შეეხება პოლიტიკურ კონსესუსს, არსებობს განსხვავებული აზრი ნატო-ში და ზოგს ალბათ რუსეთის რეაქცია აშინებს. მაგრამ ჩვენ მისი პოლიტიკა მხედველობაში არ უნდა მივიღოთ როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და უკრაინას,“- განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა კი საქართველოს მოუწოდა დაამტკიცოს, რომ ალიანსის წევრობის ნამდვილი კანდიდატია.

„არსებობს სხვადასხვა მოსაზრება როგორ უნდა გაგრძელდეს ნატოს გაფართოება. იმედი მაქვს, შევთანხმდებით მაკედონიის მოწვევაზე, ეს მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს საქართველოს, რომ ეტაპობრივად ეს ქვეყნებიც მიიღებენ მოწვევას, რომლებსაც წლებია, სურთ ნატოში გაწევრიანება. გვაქვს უთანხმოება თავდაცვის ხარჯებზე. მაგრამ ამ უთანხმოებას დავძლევთ, საქართველო კი მიიღებს ძლიერ სიგნალს. საქართველო არ უნდა იყოს კონცენტრირებული ფორმალურ მხარეზე - მაპის მისაღებად. აკეთეთ, რაც საჭიროა და დაამტკიცეთ, რომ წევრობის ნამდვილი კანდიდატი ხართ,“- განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

NATO-ს სამიტისგან პოზიტიური მოლოდინი აქვს ქართულ დელეგაციას. ქართული მხარის თქმით, საბოლოო კომუნიკესა და საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში აუცილებლად დაფიქსირდება, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება.

ქართული დელეგაციის წევრები იმედოვნებენ, რომ საქართველო აქტიურად იქნება ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში.

„ჩვენი მიზანია, რომ ამ სამიტის შემდეგ საქართველო უფრო დაცული იყოს. ჩვენი ამოცანაა, რომ ნატო-ს პროცესებში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას ეხება, საქართველო უფრო აქტიურად იყოს ჩართული. ჩვენი ამოცანაა, რომ ნათლად იყოს ფორმულირებული საქართველოს პრობლემატიკა ოკუპაციასთან მიმართებაში და ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს პროგრესი კიდევ უფრო მკაფიოდ დაიწეროს ნატო-ს დოკუმენტებში,“- განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები