24 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
მთავარი ამოცანაა, არჩევნებზე ივანიშვილის დამარცხება - "ენმ"-სა და "ევროპული საქართველოს" წევრები მემორანდუმზე საუბრობენ 

„ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამპუნქტიანი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პოლიტიკოსები შეფასებებს აკეთებენ.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მთავარი ამოცანაა, არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის და მოქმედი ხელისუფლების დამარცხება.

შეთანხმების მიხედვით, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის კანდიდატებს და კამპანიის დროს ურთიერთკრიტიკისგან თავს შეიკავებენ.

„ბოლო წლების განმავლობაში მთავარი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი თავდასხმის ობიექტი არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც, რაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ ზედმიწევნით დავიცავთ ყველა პუნქტს, რომელიც ჩადებულია ამ შეთანხმებაში,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიები ამომრჩევლის მობილიზებას მაქსიმალურად შეეცდებიან.

„შევთანხმდით, რომ „ევროპულ საქართველოს“ ეყოლება თავისი კანდიდატი და თავისი კამპანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი კამპანია და კანდიდატი, ამით უზრუნველვყოფთ, რომ მაქსიმალურად ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე და შევთანხმდით, რომ მეორე ტურში მხარს დავუჭერთ იმ კანდიდატს, რომელიც იქნება მეორე ტურში,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი გაბაშვილმა.

მემორანდუმის გაფორმებას საპარლამენტო უმრავლესობაშიც გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, პოლიტიკურ დაღმართში დაშვებულია. მას აქვს თავისი ძალიან რეიტინგული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ტელევიზია, მაგრამ ესეც არ შეცვლის. ეს აღქმა, როგორც ჩანს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს არ გააჩნიათ, პრინციპში ამ ყველაფერში გასაკვირი არაფერია, რადგან ისინი რეალურად, იდეოლოგიურად, პოლიტიკურად აქამდეც ერთ მხარეს იყვნენ, ოღონდ თავი ვერ შეიკავეს და კიდევ ერთხელ გააფორმეს ეს იურიდიულად,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები