18 ივლისი 2018,   05:10
ვრცლად
ვინ წარმოიდგენდა, რომ ხადური და ქუმსიშვილი მოგვენატრებოდა, სრული უიდეობა - ოპოზიცია განახლებულ მთვრობას მხარს არ უჭერს

მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობას საპარლამენტო ოპოზიციაში შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მინისტრობის წარდგენილი კანდიდატურებით დგინდება, რომ ქვეყანა სავალალო მდგომარეობაშია.

ოპოზიციის წევრები ეკონომიკის მინისტრად წარდგენილი კანდიდატის - გიორგი ქობულიას მოსკოვში მოღვაწეობაზე აკეთებენ აქცენტს.

„ეს არის სრული უიდეობა. ეს ადამიანები შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ, სადაც ახლა წარმოადგინეს. არცერთი არ არის თავის ადგილას. შეიძლება იყო კარგი მზარეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლია, გახდეს კარგი ზეინკალი. ჩამოდის წარმატებული მენეჯერი მოსკოვიდან, რომელიც მუშაობდა ფირმაში, სადაც მის დამლაგებელს თუ დარაჯს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე მას ექნება საქართველოს მთავრობაში. რა მოტივი ამოძრავებს? შეიძლება „ჯეოსელის“ ფინანსისტი იყოს იმ ხედვებისა და უნარ-ჩვევებისა თუ ცოდნის მატარებელი, რომელმაც მთელი ქვეყნის ეკონომიკა უნდა მართოს? სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით, შევხედეთ რა ახალ მთავრობას, ვინ წარმოიდგენდა, რომ ხადური და ქუმსიშვილი მოგვენატრებოდა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის შეფასებით, წარდგენილ კანდიდატებს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ.

„პრემიერის წარმოდგენილ კანდიდატურებში ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ სახეებს, პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს. ეს გარკვეულწილად, ტექნიკური მთავრობის მაგვარი რაღაც არის. ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა და ძალა, გაატარონ რეფორმები, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

სამთავრობო ცვლილებებით, ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი ქობულია დაიკავებს. ფინანსთა მინისტრად ვანო მაჭავარიანია წარდგენილი, მიხეილ ბატიაშვილი კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე დაასახელეს.

 

 

დღის ამბები