პაატა ბურჭულაძე თბილისის საქალაქოს სასამართლოში გამოძიების შეკითხვებს ამ წუთებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს. ფონდ „იავნანას“ ყოფილ ხელმძღვანელს უკვე მეორედ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე კითხავენ.
გამოძიებას შეკითხვები ფონდ „იავნანას“ საქმიანობასთან დაკავშირებით აქვს, რაზეც პაატა ბურჭულაძემ ერთხელ უკვე უპასუხა.
დაკითხვის დაწყებამდე „იავნანას“ ყოფილმა ხელმძღვანელმა "რუსთავი 2-თან" კომენტარი გააკეთა. პაატა ბურჭულაძე საქმეში საერთაშორისო იურისტების ჩართვას აპირებს.
„როგორც იქნა, დაგვთანხმდა პროკურატურა და მეორედ ვხვდებით ერთმანეთს იმიტომ, რომ მე ვთხოვე, რომ ეს საქმე დროზე გამოეძიებინათ, არ შეიძლება 10 თვე გაჩერება. ძალიან გაფუჭდა ქვეყნის იმიჯი, ფონდის იმიჯი. როგორც იქნა, ამ პროკურატურამ, რომელსაც გამოძიებული ბევრი კარგი საქმე აქვს და ძალიან ამაყად არიან თავის საქმეში, მოიცალა და ყველაზე მძიმე დანაშაულის განყოფილება გააძლიერეს კიდევ და ახლა ამ რთულ საქმეს იძიებენ. აზრზე არ ვარ, რა აინტერესებთ დღეს, მაგრამ მე მაინტერესებს, როდის მორჩებიან. ყოველთვის მინდოდა, მორჩენილიყო, მაგრამ მე უკვე უნდა ვუთხრა, რომ აღარ არის საჭირო ამის მორჩენა იმიტომ, რომ ჩვენ ჩამოვიყვანთ ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო იურისტებს, რომ ამაზე ადრე მორჩებიან. მე მინდა, შევთავაზო და ვუთხრა, ნუ ჩქარობენ, ნელა, ძალიან კარგად გამოიძიონ,“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.