18 ივლისი 2018,   06:58
ვრცლად
ტანსაცმელი, სასმელი და მედიკამენტები - საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ყალბი სამარკო ნიშნით პროდუქციის შემოტანის მცდელობის არაერთი ფაქტი ფიქსირდება

ტანსაცმელი, ძვირადღირებული აქსესუარები, სასმელი და მედიკამენტები - პროდუქცია, რომელიც საქართველოში ყალბი სამარკო ნიშნებით შემოდის ორიგინალთან იმდენად მიახლოებულია, რომ მისი გარჩევა ზოგჯერ სპეციალისტებსაც უჭირთ.

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ასეთი პროდუქციის შემოტანის მცდელობის არაერთი ფაქტი არსებობს. ათასობით ცალი შამპუნის პაკეტი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ამოიღეს. სასაქონლო ნიშანი ორიგინალ დასახელებასთან ისე იყო მიახლოებული, რომ მისი შემჩნევა შესაძლოა, სპეციალისტების გარდა ყველას გამორჩენოდა. აღმოჩნდა, რომ გაყალბებული პროდუქციით სახელმწიფო ბიუჯეტი რამდენიმე მილიონის ლარით ზარალდებოდა.

კონტრაფაქციული ანუ გაყალბებული სამარკო ნიშნით, პროდუქციის შემოტანის შემთხვევები თითქმის ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე არაერთია. არსებობს კონკრეტული ქვეყნები, საიდანაც მსგავსი ყალბი პროდუქცია შემოდის, ყველაზე დიდი წილი ჩინეთზე მოდის. ეს კი ინტელექტუალი საკუთრების უხეში დარღვევით ხდება.

ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ ბათუმში, სადაც საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. სპეციალისტებმა საკუთარი ქვეყნების მაგალითზე წარმოადგინეს ვითარება, რომელიც კონტრაფაქციისა და მეკობრეობის მიმართულებით ყველა ქვეყანაში არსებობს.

საერთაშორისო გამოცდილების გაცნობის შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პრობლემიდან ერთადერთი რეალური გამოსავალი, ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის ფაქტების შესამცირებლად, ხელისუფლების ჩართულობაა.

საქპატენტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები