18 ივლისი 2018,   07:12
ვრცლად
მხარდამჭერი დეკლარაცია - NATO და საქართველო საზღვაო უსაფრთხოების სფეროში  თანამშრომლობას აძლიერებენ

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ დარწმუნებულია, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველო გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ მოულოდნელად დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ახსენა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქართულმა დელეგაციამ მასზეც და მოკავშირეებზეც დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსს ვერ ხედავს.

დეკლარაცია, რომელიც საქართველოს შესახებ ნატოს წევრებმა დღეს მიიღეს 8 პუნქტს მოიცავს. დოკუმენტში პირველად ჩაიწერა, რომ ალიანსი და საქართველო აძლიერებენ თანამშრომლობას საზღვაო უსაფრთხოების სფეროში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო მოამზადებს საქართველოს სანაპირო დაცვის მოიერიშე სააბორდაჟე ჯგუფებს, ასევე, ისარგებლებს ქართული პორტების მომსახურებით. საქართველო კი ჩაერთვება ხმელთაშუაზღვაში ნატოს საზღვაო ძალების ოპერაციაში და მხარეები გაცვლიან საჰაერო და საზღვაო სივრცის მონაცემებს. 

ამ დეკლარაციის გამოქვეყნებას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან. იენს სტოლტენბერგისგან გიორგი მარგველაშვილმა დაპირება მიიღო, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ალიანსი გააგრძელებს მუშაობას ქართულ მხარესთან, რათა ქვეყანა ალიანსის წევრობისთვის მოემზადოს.

ნატო-ში გაწევრიანების თემასა და რუსულ საფრთხეებს დაეთმო დისკუსია, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ლიდერთან ერთად მონაწილეობდა.

ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში საქართველო უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი.

სამიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის შეხვედრაში და ევროპის ლიდერებთან ორმხრივი მოლაპარაკებებიც გამართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები