19 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
ერთხელ არ ხსენებულა საქართველო, ეს არ არის ტრამპის ბრალი ან დასავლელი ლიდერების ბრალი, ეს არის პუტინის დავალებით ივანიშვილის გაკეთებული- სააკაშვილი 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ნატოს სამიტზე, საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება.

სამიტი დღეს საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუმცა ამისთვის საჭიროა მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.

მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველო უკრაინის მსგავსად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან ხსენებული არ ყოფილა.

სააკაშვილის თქმით, მომხდარი არც აშშ-ს პრეზიდენტის და არც მსოფლიო ლიდერების ბრალი არ არის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს საკითხის მოხსნა, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

მისი თქმით, ეს არის შედეგი პუტინის დავალებისა, რომელიც ექსპრემიერმა და „ქართული ოცნების“ ლიდერმა შეასრულა.

“თქვენ იცით, რომ ამ დღეებში მიდიოდა ნატოს სამიტი და მზადდება პუტინის შეხვედრა ტრამპთან. ყველა უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების დროს და პრესაში, ფიგურირებს  ერთი თემა, რომ ტრამპი პუტინთან აუცილებლად ძალიან მწვავედ დააყენებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს. მე როგორც უკრაინის დიდ მხარდამჭერს, ეს ძალიან მიხარია, მაგრამ მე როგორც ქართველს ძალიან მწყინს და ბრაზი მახრჩობს, რომ ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა საქართველო მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს არ არის ტრამპის ბრალი ან დასავლელი ლიდერების ბრალი. ეს არის პუტინის დავალებით ივანიშვილის გაკეთებული.

როდესაც ივანიშვილი მოდიოდა, მან  თქვა, რომ მოხსნიდა საქართველოს უმაღლესი დონის განხილვებიდან და საერთოდ აღარ იქნებოდა საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის და მან ეს შეასრულა. კი მაგრამ რამე გვეშველა ამით ჩემო თანამემამულენო? ვიზები მოგვიხსნეს? ტერიტორიები აღარ მიაქვთ? მთელს მსოფლიოში აღარ დაწანწალებენ და აღარ ითხოვენ სხვა სახელმწიფოს მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებას თუ ვიგრძენით შვება გარდა იმისა, რომ პუტინმა შეისრულა ყველაფერი რისთვისაც ჩაატარა 2012 წლის სპეცოპერაცია,“-აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ვითარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს და საქართველოს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდეს საერთაშორისო დონის განხილვებში. 

დღის ამბები