20 აპრილი 2024,   08:23
ვრცლად
4 წელი უკრაინის ტერიტორიის დასაცავად - ქართველი სამხედროების მონაცემები რუსეთის სპეც სამსახურების ხელშია

ქართველი სამხედროები, რომლებიც 4 წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ, შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. ახლა კი უკრაინაში მებრძოლი შვიდი ქართველი ჯარისკაცების პირადი მონაცემები რუსეთის სპეც სამსახურების ხელშია.

სამხედროები, რომლებიც რუსულ-უკრაინული ომის ფრონტის ხაზზე, ურთულეს ოპერაციებში მონაწილეობენ, სეპარატისტებმა ძებნილებად გამოაცხადეს და მათ დასაკავებლად ჯილდოა დაწესებული. ქართული ლეგიონის მეთაურს ეჭვი აქვს, რომ მონაცემებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან გაჟონა და სია განზრახ გადააგზავნეს.

რუსული სპეცსამსახურების ხელში ქართველი მებრძოლების პერსონალური მონაცემები მას შემდეგ მოხვდა, რაც ჯარისკაცები მეთაურს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ქართველმა სამხედროებმა ბრიგადა დატოვეს და საბრძოლველად თავდაცვის სამინისტროს სხვა ბატალიონში გადავიდნენ. ქართველი სამხედროები, რომლებიც უკვე 4 წელია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ, ამბობენ, რომ ეს ღალატია და მონაცემების გადაგზავნის შემდეგ, რუსეთი მათზე ნადირობის სეზონს გახსნის.

ქართველების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას ბრიგადაში დაპირისპირება უძღოდა. მამუკა მამულაშვილი ყვება, რომ ქართულ ლეგიონს შეუსრულებელი დავალება მისცეს. მებრძოლი დარწმუნებულია, რომ ოპერაციაზე წასვლის შემთხვევაში ვერც ერთი მონაწილე ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.

ქართული ლეგიონის შემადგენლობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად 4 წელია იბრძვის. ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველი ჯარისკაცები ყველაზე რთულ დავალებებს ასრულებდნენ და ბევრი წართმეული ტერიტორია დაუბრუნეს უკრაინას. რუსეთ-უკრაინის ომს 12 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები