პარლამენტი ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, ისევ იწყებს.
მინისტრობის კანდიდატებს დღეს კომიტეტების, ფრაქციების და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში მოუსმენენ. ხვალ კი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ.
ახალ კაბინეტში სამი ახალი სახეა, ეკონომიკის, ფინანსთა და განათლების მინისტრები. დანარჩენები კი პოსტებს ისევ ინარჩუნებენ, მათ შორის ძალოვანი მინისტრებიც.
სწორედ მათ მოსმენა იგეგმება დღეს 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
წინასწარ ცნობილია, რომ მმართველი გუნდი ბახტაძის კაბინეტს მხარს დაუჭერს იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობამ ახალი მინისტრები პოლიტსაბჭოს სხდომაზე პირველად ნახა და მათი საქმიანობის შესახებ თითქმის არაფერი იცის.
„პრემიერ მინისტრმა როგორც იცით საპარლამენტო გუნდს წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ იმ პრიორიტეტებზე და რეფორმებზე, რომლის განხორციელებაც დაიწყება უკვე განახლებული კაბინეტის პირობებში და რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრს აქვს ჩვენი მხარდაჭერა,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.