პარლამენტი ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას იწყებს.
მინისტრობის კანდიდატებს დღეს კომიტეტების, ფრაქციების და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში მოუსმენენ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ძალოვანი მინისტრები, მათ შორის თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება.
დღეს მინისტრობის კანდიდატებს, ოპონენტების მწვავე კითხვებისთვის მოუწევს პასუხის გაცემა.
„მიუხედავად იმისა, რომ დაანონსდა სამი კვირის წინ, რომ ძალიან მალე იქნებოდა ახალი მთავრობა რეფორმისტული პროგრამით, ვერანაირ რეფორმისტულს ამ პროგრამაში ვერ ვხედავთ,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი.
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მინისტრებს საპარლამენტო უმცირესობა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ მოუსმენს.
ოპოზიციამ ახალ სახეებს მაღალ თანამდებობებზე შემთხვევით მოხვედრილები უკვე უწოდეს და დაანონსეს, რომ ეკონომიკური გუნდის ცვლილების პარალელურად ახალ მთავრობას პირველი ჩავარდნა სწორედ ამ მიმართულებით ექნება.
„ახალ მინისტრთა კაბინეტზე შეიძლება ერთი რამე ვთქვათ, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ეს არის თეა წულუკიანი, რომელიც არ შეიცვალა და საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად დარჩა თანამდებობაზე. ეს არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფრად არ აინტერესებს საზოგადოების აზრი,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.