ვინ შეცვლის ზურაბ პატარიძეს - აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურის შესახებ უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები დღეს იწყება.
საქართველოს პრეზიდენტს აჭარაში დაახლოებით 12:00 საათისთვის ელოდებიან.
გიორგი მარგველაშვილს საბჭოს უმრავლესობა საკუთარ კანდიდატურას, გიორგი რიჟვაძეს წარუდგენს.
მისაღებია თუ არა პრეზიდენტისთვის რიჟვაძე ჯერჯერობით უცნობია.
„ჩვენს მიერ დასახელებულ კანდიდატურას არ აქვს იმ ტიპის ნაკლი, რომელიც შეიძლება იყოს ხელშემშლელი, ამ თანამდებობაზე დასანიშნად. ასაკის მიუხედავად საკმაოდ გრძელი სამსახურეობრივი კარიერა აქვს გავლილი და განსაკუთრებით ცემს ოპონენტებს მინდა შევახსენო, სანამ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ექნება პრეტენზია, ჩახედონ საკუთარ სამსახურეობრივ გამოცდილებას, ჩახედონ საკუთარ განათლებას“-აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
ოპოზიცია კი უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის მიერ შერჩეულ კანდიდატს მხარს არ უჭერს და გიორგი მარგველაშვილისგან ალტერნატიული კანდიდატურის შეთავაზებას ელოდება.
„პრეზიდენტზეა დამოკიდებული როგორ მომავალს აირჩევს აჭარის მომავალს და მას როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგადად რეგიონის მიმართ - ერთმა ოლიგარქმა უნდა გადაწყვიტოს როგორ უნდა იმართებოდეს ჩვენი რეგიონი და ზოგადად რა დამოკიდებულება ექნება მას თუ ხალხის მიერ შერჩეული კანდიდატი იქნება.
თუ პრეზიდენტი მზად იქნება, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანდიდატი, ჩვენ მზად ვართ გავმართოთ კონსულტაციები და ჩვენი მოსაზრებები მივაწოდოთ,“-განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია აბულაძემ.
თორნიკე რიჟვაძე ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც პატარიძის შემცვლელად განიხილება. ის ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია.