25 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
NATO-ს სამიტი ალიანსის გზავნილები საქართველოს - ოპოზიცია სრულ კრახზე საუბრობს, ხელისუფლება კი შედეგებით კმაყოფილია

ნატოს სამიტიდან მიღებული გზავნილებით კმაყოფილია საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველი გუნდის დეპუტატების განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და გზავნილი რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ქვეყნისთვის წარმატებაა.

„ვინც არ უნდა თქვა, რომ ამაზე მეტს ელოდებოდა, ის ან არასწორ მოლოდინებს ქმნიდა ან სპეციალურად შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება. რეალურად ის მივიღეთ ჩვენ, რაზეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატოს მხრიდან ხაზგასმა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, სუვერენიტეტის მხარდაჭერა, საქართველოს რეფორმების აღიარება. განსაკუთრებული არის ისიც, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ძალიან ცალმხრივი მხარდაჭერა იყო საქართველოსი და საქართველოში მიმდინარე პროცესების,“-აცხადებს „ქართული ოცნების’ დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი.

სამიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებში კი განსაკუთრებული ვერაფერი ამოიკითხა ოპოზიციამ. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ეს ისტორიაში ყველაზე უშედეგო სამიტი იყო.

„ეს არის საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში, ნატოს ყველაზე არასახარბიელო და უშედეგო სამიტი. რადგან რეალური ნაბიჯი წევრობის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას არ გადაუდგამს,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა.

„ქართული ოცნების“ ოპონენტების თქმით, ხელისუფლებას სამიტამდე ერთი წლით ადრე ნატოსთან დაახლოების მიზნით არაფერი გაუკეთებია და შედეგიც შესაბამისი იყო.

„სამწუხაროდ როგორც ვვარაუდობდით, ამ სამიტზე რეალური ნაბიჯი ვერ გადავდგით,“-ამბობს ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები