25 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
საქართველო სამშვიდობო პოლიტიკით ამტკიცებს, რომ მისი კურსი არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული - ციხელაშვილი ზახაროვას განცხადებას ეხმაურება 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ეხება, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ეხმაურება.

დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. 

განცხადებას ქეთევან ციხელაშვილი სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მინისტრის თქმით, ამის ერთადერთი მიზანი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარებაა.

„ახალი ამაში არაფერი არა რის, ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ საქართველო თავისი პოლიტიკით ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის  სამშვიდობო პოლიტიკით, მისი განვითარების კურსით ამტკიცებს, რომ არის ქვეყანა, რომელიც არც განვითარების კურსით და არც რაიმე მიმართულებით პოლიტიკა არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული.

ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს შეუფერხებელი განვითარების შესაძლებლობა, უსაფრთხო გარემო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის შესაძლებლობა და ეკონომიკური კეთილდღეობა,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები