ბოლო სამი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს.
უკვე ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს საპარლამენტო უმრავლესობა ნდობას გამოუცხადებს და მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობასაც უპრობლემოდ დაამტკიცებს.
რაც არ იცვლება მთავრობაში, ე.წ. ძალოვანი მინისტრების გუნდია, რომელთა წინააღმდეგაც საზოგადოებასაც და ოპონენტებსაც არაერთი არგუმენტი ჰქონდათ. მათ შორის თანამდებობაზე რჩება თეა წულუკიანი, რასაც თავად "ქართული ოცნებაშიც" კი ეწინააღმდეგებოდნენ.
წულუკიანმა დღეს საზოგადოების იმ ნაწილს მიმართა, რომლებიც მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ. წულუკიანის განცხადებით, ის მხოლოდ კანონპროექტების ინიცირებაზეა პასუხისმგებელი, ხოლო რაც მართლმსაჯულების სისტემაში ხდება მის კომპეტენციას სცდება.
„საზოგადოების ზოგიერთი წევრის გასაგონად ვიტყვი, რომ კანონში ჩაიხედონ და ნახონ, რომ იუსტიციის მინისტრი არ არის მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი არის მთავრობის რიგითი წევრი, მნიშვნელოვანი რგოლი, მაგრამ ის არის მთავრობის რიგითი წევრი.
მე არ გახლავართ მართლმსაჯულების სიტემის ხელმძღვანელი მე შემიძლია მხოლოდ ის რომ თქვენ შემოგთავაზოთ კარგიო კანონები, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას გააჯანსაღებს.
ხოლო ის თუ როგორ იმართება სასამართლო სისტემა, არის თუ არა იქ ხარვეზები, ამაზე მე პასუხს სამწუხაროდ ვერ ვაგებ.
ასევე შევახსენებ საზოგადოების იმავე წევრებს, რომ მე ვარ საქართველოს ის იუსტიციის მინისტრი, რომელმაც 2013 წელს საკუთარი ინიციატივით და პარლამენტის მხარდაჭერით უარი ვთქვი საპროკურორო უფლებამოსილებაზე. ეს, ალბათ, მანამდე წარმოუდგენელი კი არა სასაცილო იქნებოდა“- განაცხადა წულუკიანმა.