10 დეკემბერი 2018,   18:33
ვრცლად
აჭარის მთავრობის მეთაურის შერჩევა - პრეზიდენტის კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე წუთში დაიწყება

საქართველოს პრეზიდენტის კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე წუთში დაიწყება. უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდება და ამის შემდეგ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან გამართავს კონსულტაციებს.

ამ დროისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატურაა დასახელებული, ენერგეტიკის ფონდი განვითარების დირექტორი, თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე თვლის, რომ პრეზიდენტი სხვა კანდიდატურას არ დაასახელებს და ის რიჟვაძის გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ამ ასაკში ამ პიროვნებას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და ძალიან კარგი განათლება. პრეზიდენტის შემთხვევაში ემატება ამ ყველაფერს ისიც, რომ ამ კანდიდატს აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, ყველა ეს არგუმენტი იქნება პრეზიდენტისთვის საკმარისი, რომ ჩვენი შეთავაზება მიიღოს,“ - განაცხადა დავით გაბაიძემ.

ოპოზიცია უმრავლესობის მიერ დაყენებულ კანდიდატურას არ უჭერს მხარს. ისინი გიორგი მარველაშვილისგან ალტერნატიული კანდიდატის შერჩევას ელოდებიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გია აბულაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს თანამდებობაზე ხალხის დანიშვნასთან დაკავშირებით.

„მან უნდა აარჩიოს ორ პრინციპულ მიდგომას შორის ერთ-ერთი. ერთი არის, რომ ბიძინა ივანიშვილი სთავაზობს კანდიდატს, რომელსაც როდესაც უნდა დანიშნავს და როდესაც უნდა გაათავისუფლებს ისე, რომ საზოგადოებას და რეგიონის მოსახლეობას არაფერს არ შეეკითხებიან. მეორე, მან გამართოს რეალური კონსულტაციები და შეარჩიოს რეგიონში ისეთი ლიდერი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ხალხთან,“ - განაცხადა აბულაძემ.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა, ორ დღეში კი აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ კი ამ თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები