19 აპრილი 2024,   01:21
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს მე ვიცნობ ბოლო სამი კვირის განმავლობაში - ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბრობს 

ბიძინა ივანიშვილს მე ვიცნობ ბოლო სამი კვირის განმავლობაში - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ, პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

ოპოზიცია დაინტერესდა, როგორ მოხვდა გიორგი ქობულია საქართველოში, ვინ დაინტერესდა მისი კანდიდატურით.

ქობულიას თქმით, მისი საქმიანობისა და პიროვნების შესახებ ინფორმაცია მამუკა ბახტაძეს ჰქონდა, სწორედ  ბახტაძემ შესთავაზა მას მინისტრობა. 

ქობულიას განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პარტიის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა.

„მე შევხვდი ბიძინა ივანიშვილს იმიტომ რომ ის არის პარტიის ლიდერი. რა თქმა უნდა, მე მაინტერესებდა, რამდენად ეთანხმებოდა ჩემი ხედვა და ბიძინა ივანიშვილის ხედვა, როგორც პარტიის ხელმძღვანელის. მინდოდა მისგან რჩევა მიმეღო და გამეგო, რისი გაკეთებაც მე მინდა რამდენად მისაღები იქნებოდა ამ კონტექსტში.

შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, შევხვდი და განვიხილეთ ეს საკითხები“- განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, ის დამოუკიდებელი და შემდგარი პიროვნებაა.

„მე არ მეშინია, რომ დავკარგო სამსახური. მაქვს დიდი პერსპექტივა. მე შემიძლია წავიდე სადაც მინდა, გინდ საქართველოში, გინდ რუსეთში და გინდ ამერიკაში“-განაცხადა ქობულიამ.

ქობულიას ამ განცხადების გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა , რომან გოცირიძემ პარალელი „დათა თუთაშხიას“ პერსონაჟ მუშნი ზარანდიასთან გაავლო.

„თქვენი მოტივი არ არის შემოსავალი და თქვენი მოტივია, როგორც მუშნი ზარანდია ამბობდა, მე მინდა შევამოწმო სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი და თქვენ ამ ექსპერიმენტში ჩაერთეთ... ენერგეტიკის მინისტრი ამბობდა, რომ ის ხელფასს არ იღებს და თქვენ აიღებთ ხელფასს?“-ჰკითხა რომან გოცირიძემ ქობულიას და დასძინა, რომ მისთვის მინისტრობის კანდიდატის მოტივაცია გაუგებარია.

ქობულიამ გოცირიძის პასუხად კი განაცხადა, რომ ის აპირებს აიღოს თავის თანამდებობრივი სარგოს.

დღის ამბები