19 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და გარდაცვლილი პირები - საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ოპოზიციის კითხვებს უპასუხა

საგარეო საქმეთა კომიტეტზე დეპუტატების შეკითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, დავით ზალკალიანი პასუხობდა. ოპოზიცია დაინტერესდა თუ რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენაში, სადაც გარდაცვლილი ადამიანებიც აღმოჩნდნენ.

ამ თემაზე შეკითხვით ზალკალიანს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიმართა.

„მაინტერესებს იმ სიამ, რომელიც მთავრობამ დაგვიანებით შეიმუშავა, რამე უხერხულობა ხომ არ შეგიქმნათ, რამე პრობლემა ხომ არ შეამჩნიეთ, თუ შეამჩნიეთ, რითი იყო ეს გამოწვეული?“- მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დავით ზალკალიანს.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დიპლომატებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა, სადაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია განიხილეს.

„მე მქონდა შეხვედრა თბილისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, შევკრიბეთ ყველა, ყველა საელჩო, ყველა ელჩი იყო მოსული, ვესაუბრეთ ამ სიაზე, რა იყო განმსაზღვრელი, რა კრიტერიუმებით შედგა ეს სია, იცით, რომ იქ არიან პირები, რომლებიც არიან გარდაცვლილები, ამაზეც გაკეთდა განმარტება. მინდა გითხრათ განმარტება, რითი იყო ეს განპირობებული, რადგან არ იყო დოკუმენტურად დასაბუთებული ამ ადამიანების გარდაცვალება და სისხლის სამართლის საქმე არ იყო შეწყვეტილი და ეს იყო ის წინაპირობა, რის გამოც ისინი მოხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენელები, ჩემი მოადგილეები, არანაირი უხერხული კითხები მათი მხრიდან ამ სიასთან დაკავშირებით, ან ფორმულირებასთან დაკავშირებით არ ყოფილა,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ოპოზიცია ასევე დაინტერესდა 6 წლის განმავლობაში რატომ იყო შეჩერებული მოლაპარაკებები შეერთებული შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. „ევროპული საქართველოს“ წევრების კითხვა იყო, თუ რატომ არ გადადგა ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არასერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს და 2015 წლის 7 მაისს პრემიერმა ღარიბაშვილმა შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობას სპეკულაცია უწოდა. 2012 წლის იანვრიდან გავიდა 7 წელი, მხოლოდ ახლა დაიძრა საკითხი, რომლის მიმართ ეს და წინა ადმინისტრაციაც დადებითად იყო განწყობილი. ამ ჩავარდნის მიზეზად თქვენ რა მიგაჩნიათ?“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის შეკითხვას დავით ზალკალიანმა უპასუხა.

„2012 წლიდან მუდმივად ამერიკის მიმართულება იყო ის, რომელიც ჩემს პორტფელში შედიოდა და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, არცერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია,“- განაცხადა ზალკალიანმა.

დღის ამბები