ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეზე დღეს სამი ბრალდებული ანატოლი ბერძენიშვილი, რუსლან ალდამოვი და ზურა იდოიძე დაიკითხნენ. წაყენებულ ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებს.
ბერძენიშვილი აქამდე დუმილის უფლებას იყენებდა და დღეს მან პირველად მისცა ჩვენება.
იგი საკუთარ ჩვენებაში ჩატაევის საქართველოში შემოსვლაზე და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობს.
ადვოკატი ინგა ბოლოთაური აცხადებს, რომ დღევანდელმა პროცესმა გაამყარა ვარაუდი, რომ ჩატაევი ქვეყანაში სპეცსამსახურებმა შემოიყვანეს.
„სასამართლოზე გამოირკვა ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც აუცილებლად საყურადღებოა. ფაქტობრივი გარემოებები შეეხება კერძოდ ახმედ ჩატაევს. არსებობს ასეთი ვარაუდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან, რომ ახმედ ჩატაევი არის შემოყვანილი სპეცსამსახურის დახმარების მეშვეობით,“ - განაცხადა ინგა ბოლოთაურმა.