25 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში - მათ ოპოზიციის მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიათ

მთავრობის  ახალ შემადგენლობას პარლამენტში დღეს უსმენდნენ. ახალი მინისტრებიდან დღეს ყურადღების ცენტრში ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ქობულია, იყო.

17 წლის შემდეგ მოსკოვიდან საქართველოში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნებულ გიორგი ქობულიასგან ოპოზიცია იმის გარკვევას ცდილობდა, როგორ მოხვდა ის რჩეულთა სიაში. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებდათ, ვინ შესთავაზა მინისტრობა, ივანიშვილმა თუ ბახტაძემ.

გიორგი ქობულია ერთადერთი ახალი სახეა მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პირადად შეხვდა, თუმცა, ქობულია ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარესთან ძველი ურთიერთობა არ აკავშირებს. მისი თქმით, ივანიშვილიც და ბახტაძეც ახლა გაიცნო.

დღეს ეკონომიკის ახალმა მინისტრმა პარლამენტში პირველივე განცხადების დროს დააანონსა, რომ ანაკლიის პროექტი გადაიხედება. ამან კი, პრაქტიკულად, დაადასტურა მოარული ხმები, რომ ივანიშვილი პორტის პროექტის გამო, კვირიკაშვილზე და ქუმსიშვილზე გაბრაზდა და მათ მინისტრთა კაბინეტი დაატოვებინა.

გიორგი ქობულიას დღეს სხდომაზე ყველაზე მეტი შეკითხვა დაუსვეს. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა მთავარ გამოწვევად სიღარიბე დაასახელა.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატისგან განსხვავებით, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ვანო მაჭავარიანს, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები არ გაუვლია.

ჯეოსელის ყოფილ კომერციული დირექტორისგანაც ოპოზიციამ განმარტება მოითხოვა, რატომ დათმო მაღალანაზღაურებადი სამსახური და რატომ გადაინაცვალა კერძოდან საჯარო სექტორში.

მამუკა ბახტაძის ეკონომიკური გუნდის ახალი სახეებმა თავიანთი სამინისტროს თანამშრომლების გაცნობა უკვე დაიწყეს. გიორგი ქობულიამ საკადრო ცვლილებებზე დღეს არაფერი უთქვამს.

ვანო მაჭავარიანმა კი უკვე განმარტა, რომ საკადრო ცვლილებებს, მათ შორის, მინისტრის მოადგილეებს გაშვებას არ აპირებს.

დღის ამბები