25 აპრილი 2024,   13:18
ვრცლად
პირველი ნოემბრიდან ტაქსისტებს ახალი გადასახადი დაეკისრებათ

პირველი ნოემბრიდან ტაქსისტებს ახალი გადასახადი დაეკისრებათ. თბილისის მერიაში მუშაობენ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ასლარიანი გადასახადის დაწესებას.

ადმინისტრაციამ შესაძლოა, შემოიღოს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ყველა ტაქსისტს საკუთარი მანქანის ერთ ფერში გადაღებვა, მრიცხველის დამონტაჟება და კიდევ რამდენიმე სავალდებულო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს.  

მძღოლები, რომელთა შემოსავლის მთავარი წყარო ეს პროფესიაა, ახალ სტანდარტებს სკეპტიკურად უყურებენ.

მერიის ახალი რეგულაციების საბოლოო ვერსია ამ დრომდე უცნობია ტაქტის კერძო კომპანიებისათვის, რომლებიც მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრებს ესწრებიან.

ტაქსების ახალ რეგულაციებს საკრებულო განსახილველად რამდენიმე დღეში მიიღებს, თუმცა, ოპოზიციაში უკვე იციან, რომ მერიის დოკუმენტს მათი მხარდაჭერა, რამდენიმე მიზეზის გამო, არ ექნება, მათ შორის, მონოპოლიზებაა.

ახალი რეგულაციის მიხედვით, 1 ნოემბრიდან ტაქსების უნებართვო საქმიანობა დაისჯება. მარტივი ლიცენზია მძღოლებს 50-დან 100 ლარამდე დაუჯდებათ.

პირველ ეტაპზე მძღოლი ვალდებულია, რომ ავტომობილის სახურავის შუა ნაწილზე ყვითელი მანიშნებელი ნიშანი განათავსოს. მეორე ეტაპი კი, რომელიც 2019 წლის ბოლოდან უნდა ამოქმედდეს, მანქანების ერთ ფრად გადაღებვას და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას შეეხება.

ტაქსების ახალ რეგულაციებზე დედაქალაქის მერია 2016 წლიდან მუშაობს, თუმცა, დღემდე მერიაში მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ტაქსების კომპანიებთან და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან. ახალი რეგულაციის შესახებ მეტი დეტალური ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მალე სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება, რა რეგულაციებს დაუწესებს დედაქალაქის მთავრობა თბილისში მომუშავე ტაქსის კომპანიებსა და ინდივიდუალურ მძღოლებს.

დღის ამბები