26 სექტემბერი 2018,   11:46
ვრცლად
თუ ნერვიულობთ და ბატონი გახარიას გასაჩერებელი და დასაწყნარებელი ხართ, მე მთხოვეთ და აღარ დაგისვამთ კითხვას - ნიკა მელიამ ლევან იზორიას მიმართა

„21 ტენდერი მოაგებინეთ თქვენ და თქვენ გვერდით მჯდომმა შს მინისტრმა თავის უწყებაში ოფიციალურ რუსეთის ჯაშუშს,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის   პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ლევან იზორიას მისამართით გააკეთა.

დღეს მინისტრობის კანდიდატთან პარლამენტში შეხვედრის დროს ნიკა მელიამ ლევან იზორიას თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული ტენდერები შეახსენა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულის, პეტრე დევრიშაძის კომპანიებმა მოიგეს.

„თავდაცვის სამინსიტროში როდესაც ასეთი ჩავარდნაა, რა პოლიტიკური უფლება გაქვთ, ან რა მორალური უფლება გაქვთ, რომ იყოთ უმნიშვნელოვანესი უწყების პირველი პირი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ, რაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა უპასუხა, რომ „მორალს შენ მე ნუ მიკითხავ“.

ნიკა მელიამ ლევან იზორია დევრიშაძესთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

„თუ ნერვიულობთ და ბატონი გახარიას გასაჩერებელი და დასაწყნარებელი ხართ, მე მთხოვეთ და აღარ დაგისვამთ კითხვას. 5 წუთია, გექაჩებათ ხელზე ბატონი გახარია, რომ გაჩერდით, გაჩერდითო. კონკრეტულ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეთ არა ნაციონალური მოძრაობის ან რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის ფრაქციას, საზოგადოებას. მუხთარლის საქმეს არავინ არ შეგარჩენთ, რაა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები