19 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
დადასტურდა, რომ კოკა კობალაძესთან იმყოფებოდნენ პოლიციელები და მათ ეს ფაქტი დამალეს - გიორგი გახარია

20 წლის ახალგაზრდა, კოკა კობალაძე, პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტარების კითხვას შს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, საკანონმდებლო ორგანოში უპასუხა.

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. გიორგი გახარიას თქმით, კოკა კობალაძესთან მყოფი გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, ასევე, მათი უშუალო ხელმძღვანელი და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

„მოგეხსენებათ, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციელები და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად, მართლაც დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად, ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, რომლებმაც ეს ვიზიტის ფაქტი დამალეს. ჩვენ მივიღეთ დისციპლინარული დასჯის უმკაცრესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი კონკრეტული, უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, დათხოვილი იქნებიან შსს-ს რიგებიდან, რამეთუ მსგავსი საქციელის ჩამდენი ადამიანების, პოლიციელების ადგილი შსს-ში არ არის. ყველა მასალა, რომელიც იქნა მოპოვებული გენერალური ინსპექციის მიერ, გადაეცა მთავარ პროკურატურას და შსს სრულად ითანამშრომლებს გენერალურ პროკურორთან, თუ მსგავსი ფაქტი, რომელზეც ახალგაზრდა, კონკრეტულად კოკა კობალაძე მიუთითებს, დადასტურდება,“ - განაცხადა შს მინისტრმა.

დღის ამბები