19 აპრილი 2024,   02:40
ვრცლად
ჭე-კლასი, ზურგზე დამღა - ოპოზიცია მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

საკანონმდებლო ორგანოში 5 საათია, მამუკა ბახტაძესა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ოპოზიციამ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას შეკითხვები დაუსვა. კითხვა-პასუხის გამართვამდეც და მის შემდეგაც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

ხელისუფლების ოპონენტები განსაკუთრებით იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად თეა წულუკიანის წარდგენას აპროტესტებენ.

ქართული ოცნების გუნდი ყოველთვის თამაშობდა მეორე ლიგაში, არასდროს არ ჰყავდათ ვარსკვლავები და ხარისხიანი გუნდი, მაგრამ რაც წლები მიდის, დეკვალიფიკაციაა, მერე გადავიდნენ მესამეში, მეოთხეში, ახლა ეს გუნდი არის ყველაზე სუსტი და ფაქტობრივად, თამაშობენ ჭე-კლასში. რაც შეეხება თავად პერსონალურ შემადგენლობას, ფრთიანი ანგელოზებიც რომ იყვნენ, 11-დან 10, იქ, სადაც ჰყავთ წულუკიანი, მათ ყველას აქვს ზურგზე დამღა - 6-წლიანი წარუმატებლობისა, ერთი წვეთი ნავთობი აფუჭებს 25 ლიტრ წყალს,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წევრების თქმით, მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის ტექსტი ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, სამთავრობო პროგრამიდან არის გადმოტანილი. 

„ჩვენ ვნახეთ პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, პრაქტიკულად, გადმოწერილია წინა პროგრამებიდან, ხოლო სიახლეები, რომელიც დამატებულია, სრულიად გაუაზრებელი, მაგალითად, იმ ტიპის, როდესაც განათლების მინისტრის მთავარი პრიორიტეტი ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება იქნება საქართველოში, ჩვენ ვნახეთ შემადგენლობა, რომელიც ერთი მხრივ, შედგება სახეებისგან, რომლის ნახვაც საზოგადოებას მკაფიოდ აღარ უნდა მთავრობაში, ხოლო მეორე მხრივ, არიან სრულიად უცნობი სახეები და ადამიანები, რომლის შესახებაც საზოგადოებამ არაფერი იცის, ხვალინდელი დღიდან იქნებიან პასუხისმგებელი, ასობით ათას ოჯახის ცხოვრებაზე,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა მამუკა ბახტაძის პარლამენტში სიტყვით გამოსვლით კმაყოფილია. მმართველი გუნდი აპირებს, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადოს.

„ახალი პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე ისაუბრა, მე გამოვყოფდი მათ შორის მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და სამართლიანობის კომპონენტს, რომელიც გამოიხატა ჰუმანურ აქტში - საგადასახდო დავალინების ჩამოწერა 2011-2012 წლებში,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები