22 აგვისტო 2018,   09:47
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების კომიტეტის საშვი კობაურის სახელზე - ექსპერტები ამერიკელების მკვლელობაში რუსულ კვალზე საუბრობენ

საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების სამსახურის მიერ გაცემული საშვი სმიტების ოჯახის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მალხაზ კობაურსაც აქვს. დოკუმენტი, რომელიც კურიერმა მოიპოვა, მალხაზ კობაურს საშუალებას აძლევს, დაუბრკოლებლად შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

კობაურის ოჯახის ახალგორიდანაა და მშობლიური სოფელი მათ 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ დატოვეს, თუმცა, მალხაზ კობაური ოჯახის ერთადერთი წევრია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა საშვი და ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მისცა.

სოფელი საძეგური ახალგორის რაიონში, სადაც მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ცხოვრობს, რუსული სამხედრო ბაზებით არის გარშემორტყმული. ახალგორის რაიონიდან წყარო კურიერს უყვება, რომ ამ სოფელში ბევრი რუსი სამხედრო ცხოვრობს.

სუს-მა ბოლო საპარლამენტო ანგარიშში თავად აღიარა, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები მომძლავრებულები არიან და ცდილობენ, გააფართოვონ ჯაშუშური ქსელი. ამ ფაქტორის განთვალისწინებით, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა მოხდეს, რადგან დღემდე შემოთავაზებული ვერსია, რომ აფექტში მყოფმა მწყემსმა სამი ადამიანი მოკლა, შემდეგ გვამს ფოტო გადაუღო და სოფელში ყველას აჩვენა, რთული დასაჯერებელია.

მწყემსის ოჯახი ამბობს, რომ რაინ, ლორა და კაელი სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მზად არის, ჩვენება მხოლოდ ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს მისცეს. რა აქვს სათქმელი ამერიკელი სამართალდამცველებისთვის მალხაზ კობაურს, მისი ადვოკატი არ აკონკრეტებს.

დღემდე საქმეში მალხაზ კობაურის პირველი ჩვენება დევს, რომელიც საქმის მასალებიდან კურიერს სანდო წყარომ მიაწოდა.

მცხეთის პოლიციაში დაკითხვისას მალხაზ კობაურმა დანაშაული აღიარა და საბედისწერო დღე გაიხსენა. ის ყვება, რომ რაინ და ლორა სმიტები შემთხვევით მთაში გაიცნო და მათ შესთავაზა, რომ ალავერდის ჩანჩქერამდე ოჯახის გზამკვლევი იქნებოდა.

ჩვენებაში ამის შემდეგ მწყემსი ყვება, რომ რაინის მკვლელობის დანახვის შემდეგ შეშინებული ცოლი თავად გაიქცა, თუმცა, კურიერის სანდრო წყარო გამომძიებლების ვერსიას უყვება.

პოლიცია მუშაობს ვერსიაზე, რომ ქმრის მკვლელობის შემდეგ რაინ სმიტმა ლორა სმიტზე სექსუალურად იძალადა.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პირველად დასკვნაში გაუპატიურების ფაქტი დადასტურებულია. ძალადობის დროს კი ლორა სმიტმა გაქცევა მოახერხა და მთიდან გადავარდა. გადავარდნის ფაქტს ადასტურებს მწყემსი, თუმცა, სულ სხვა ვერსიას ყვება.

საქმის მასალებში დევს მალხაზ კობაურის მობილური ტელეფონი. იქ გამომძიებლებმა მოკლული ლორა მისტის ფოტო იპოვეს. ჩვენებში ხეობის სხვა მწყემსები ყვებიან, რომ სწორედ ეს ფოტო უჩვენა მათ კობაურმა, სმიტების ოჯახის გაუჩინარების შემდეგ და უთხრა, რომ გარდაცვლილი ქალის ცხედარს შემთხვევით გადააწყდა.

რატომ ასაჯაროვებდა თავად მტკიცებულებებს მის წინააღმდეგ მალხაზ კობაური, უცნობია. ეს გარემოება ამ საქმეში კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. 

დღის ამბები