19 აგვისტო 2018,   08:19
ვრცლად
საწოლს მიჯაჭვული 20 წლის ბიჭი, რომელსაც ბებია უვლის - ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ოჯახი, რომელსაც სახელმწიფო შემოსავლის წყაროს ართმევს -  სოციალურმა სამსახურმა გორში ვართუმაშვილების ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტა, მაგრამ რის საფუძველზე, გაურკვეველია.

ოჯახის უფროსი ცოტა ხნის წინ სიმსივნით დაიღუპა. მეორე წელია, ლოგინად ჩავარდნილ შვილიშვილს 80 წლის თამარ ვართუმაშვილი უვლის. ახალგაზრდას არც მოძრაობა შეუძლია და ცნობიერებაც დაკარგული აქვს. სუნთქვას და ჭამას ის მხოლოდ სპეციალური ზონდების დახმარებით ახერხებს.

აჩიკო ვართუმაშვილს ყოველდღე დაბანა, ჭამა და სასუნთქი გზების გათავისუფლება სჭირდება, რისთვისაც ექთნის დახმარებაა აუცილებელი. ექთნის ყოველდღიური მომსახურების ღირებულება კი 50 ლარია. არც ამის და არც სხვა სამედიცინო პროცედურებისა თუ მასალების თანხა ოჯახს არ აქვს. მოხუცი ლოგინს მიჯაჭვული შვილიშვილის გამოკვებასაც ძლივს ახერხებს.

20 წლის ბიჭის დედა  პირველი ჯგუფის ინვალიდია. სიმსივნით დაავადებულს მოძრაობაც უჭირს და საკუთარ შვილებს ტვირთად რომ არ დასწოლოდა, საცხოვრებლად დედასთან წავიდა. ერთადერთი შემომტანი ოჯახში ახლა აჩიკოს 19 წლის ძმაა, რომელიც რთულ მშენებლობაზე მუშაობს.
 

 

 

ავტორი: იზო ჩუნინიძე 

დღის ამბები