მთავარი პროკურორის დასამტკიცებლად დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. კენჭისყრამდე დეპუტატებს პროკურორობის კანდიდატი საკუთარ პროგრამას გააცნობს და მათ შეკითხვებსაც უპასუხებს. სესიამდე კი თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან.
უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობა სხდომას ბოიკოტს უცხადებს. "ევროპული საქართველო" რამდენიმე საათში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
"ნაციონალურიი მოძრაობა" კი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატს შეკითხვებს დაუსვამს, თუმცა მას მხარს არ უჭერს.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, შალვა თადუმაძე მმართველ გუნდში სრული მხარდაჭერით სარგებლობს.
„მე მას ვიცნობ დიდი ხანია, ვიცნობ მისი უფლებადაცვითი საქმიანობიდან, როდესაც ჩვენ ერთ სფეროში ვმუშაობდით, ადამიანის უფლებების დაცვას ეხებოდა ეს სფერო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურაში მიდის ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იმიტომ, რომ ამ სტანდარტის მაღალ დონეზე დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურის საქმიანობაში,“- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თადუმაძისგან მთავარ კითხვაზე სურთ პასუხის მიღება, დეპუტატებს აინტერესებთ, რის გაკეთებას აპირებს მთავარი პროკურორობის კანდიდატი იმისათვის, რომ უწყების მიმართ არსებული კითხვები აღარ დარჩეს.
სისტემის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი. მისი თქმით, არსებულ კრიტერიუმებს მხოლოდ შალვა თადუმაძე აკმაყოფილებს.
„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს უნდა მთავარი პროკურორი ისეთი, რომელიც არ იქნება მიკერძოებული და მკაცრი დანაშაულის მიმართ, ასეთი არის შალვა თადუმაძე და ნებისმიერი პიროვნება, ვინც უნდა შეგვერჩია, ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა. სისტემა უფრო ღია, გამჭვირვალე უნდა იყოს დ უფრო კარგად დავინახავთ, რომ უამრავი საქმე აქვს პროკურატურას გამოძიებული ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე. სამწუხაროდ, საზოგადოებამ მხოლოდ ის ნაწილი იცის, სადაც რაიმე პრობლემა და სკანდალური შეიქმნა, რაც ასევე არ არის ხშირი,“- განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ.