25 აპრილი 2024,   21:32
ვრცლად
"თქვენი გენერალური პროკურორის სიცოცხლის ხანგრძლივობა 1 წელი და 1 თვე გამოდის..." - ბრალდებები პარლამენტში

ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის შემცვლელი მთავარი ბრალმდებლის პოსტს მომდევნო 6 წლით ჩაიბარებს. შალვა თადუმაძემ მხარდაჭერა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლეობისგან მიიღო. ოპოზიციამ კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრას პარლამენტში რამდენიმე საათიანი დებატები და პოლიტიკური ურთიერთბრალდებები უძღოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ის 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შალვა თადუმაძესთან ერთად იცავდა. ბესელია დარწმუნებულია, რომ შალვა თადუმაძემ იცის ადამიანის უფლებების ფასი, იცის რა არის სტანდარტი, რომელიც უნდა ჰქონდეს პროკურატურას.

"როცა შალვაზე ვსაუბრობ, ავირჩევთ იმ ადამიანს, რომელმაც იცის, რა არის ადამიანის უფლებების ფასი, იცის, რა არის ადვოკატის საქმიანობა, იცის, რა არის სტანდარტი, რომელიც უნდა ჰქონდეს მთავარ პროკურატურას," -ამბობს ბესელია.  

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ბოკუჩავამ კი განაცხადა, რომ ორ რუს ოლიგარქზე მომუშავე შალვა თადუმაძე ვერასოდეს იქნება რიგითი მოქალაქის ინტერესების დამცველი.

"იგი ადასტურებს, რომ მუშაობდა ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ისევე როგორც ბადრი პატარკაციშვილზე, ორ რუსს ოლიგარქზე მომუშავე ბატონი შალვა ვერასოდეს იქნება რიგითი საქართველოს ინტერესის წარმომადგენელი,"- ამბობს ბოკუჩავა.  

თინა ბოკუჩავა ამ განცხადების გამო მამუკა მდინარაძემ გააკრიტიკა, მდინარაძემ ბოკუჩავას უთხრა, რომ ის დემოკრატიის დაბალი სტანდარტით მოქმედებს, როცა იურისტის საქმიანობაზე იმის მიხედვით საუბრობს, თუ ვის იცავდა თადუმაძე ადვოკატობის დროს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ ექვსი წლის მანძილზე უკვე მეექვსე მთავარი პროკურორის არჩევა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა ხარვეზებით მუშაობს. გოცირიძის თქმით. „ქართული ოცნების“ მთავარი პროკურორის სიცოცხლის ხანგრძლივობა 1 წელსა და 1 თვეს შეადგენს.

"თქვენ უკვე ცვლით მეექვსე გენერალურ პროკურორს, თქვენი გენერალური პროკურორის სიცოცხლის ხანგრძლივობა გამოდის 1 წელი და ერთი თვე, ამის შემდეგ ისინი მიდიან პოლიტიკურ სამარეში,"- ამბობს გოცირიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები