20 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
მინდელის სახელობის შახტში დაშავებული რამდენიმე მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში 6 დაშავებულიდან 5 კატასტროფის ცენტრის ბრიგადებმა თბილისში გადმოიყვანეს, მათგან 4 მძიმე დამწვრობის ცენტრში მოათავსეს. 2 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. ექიმებს მათ შესახებ პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

ყველა პაციენტს სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება. მათ, სავარაუდოდ, სასუნთქი გზების დამწვრობა დაკვამლიანების შედეგად მიიღეს.

„ორი მათგანი მოთავსდა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, ისინი არიან 23 და 53 წლის მამაკაცები. მათ აღენიშნებათ სხეულის 25 და 50 პროცენტით დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება. ამ წუთისთვის მათი მდგოამრეობა არის სტაბილური, თუმცა, დიაგნოზი საკმაოდ სერიოზულია. ორი პაციენტი მოთავსდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, ამ წუთას მიმდინარეობს სხვადასხვა გამოკვლევები,“ - განაცხადა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ.

კიდევ ერთი პაციენტი მრავლობითი მოტეხილობებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

„მას გონება აქვს დაკარგული, არ ახსოვს არაფერი რამდენიმე ხნის განმავლობაში, სანამ ჰაერზე არ გამოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა ამ წუთისთვის არის დამაკმაყოფილებელი. აღენიშნება ზედაპირული დამწვრობა მხოლოდ მარცხენა წინა მხრის არეში. უტარდება კვლევები, მაგრამ რაიმე სერიოზული დაზიანება და შემდგომი ქირურგიული ჩარევის ალბათობა ჯერჯერობით არ არის,“ - განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილემ, მარინა გელანტიამ.

დაშავებულების მდგომარეობას ექიმებთან ერთად აკონტროლებს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოც.

დღის ამბები