19 აგვისტო 2018,   08:17
ვრცლად
ტყიბულში მომხდარი ტრაგედია - არასამთავრობო სექტორი პარლამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას 2 მოთხოვნით მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავენ. საქართველოში მოქმედი 4 ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ორგანიზაცია ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის ობიექტურ გამოძიება მოითხოვს.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ საჭიროა, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ტყიბულის სხვადასხვა შახტში დაღუპული 15 ადამიანის გარდაცვალების და მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების მიზეზებს გაარკვევს.

როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიებიდან ამ დრომდე არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვს, რომელიც ეხება ტყიბულის ალტერნატიული განვითარების გეგმის წარმოდგენას. არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას ერთ თვიან ვადას აძლევს.

„ჩვენ ვდგავართ, როგორც შრომის პოლიტიკის, ასევე სისხლის სამართლის მნიშვნელოვანი ჩავარდნის წინაშე. ჩვენ ტყიბულში და არა მხოლოდ ტყიბულში, საქმე გვაქვს განგრძობად და სისტემურ დანაშაულთან, რომელიც არის მართული დასაქმებულების წინააღმდეგ. არც ერთ შემთხვევაში ტყიბულში, ჩვენ არ ვიცით, გამოძიებამ რაიმე შედეგი დადო თუ არა. ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. შევეცდებით, რომ გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, იმისთვის, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ვაიძულოთ ამგვარი გადაწყვეტილებები მიიღოს,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, ლინა ღვინიანიძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„აუცილებელია, ვიცოდეთ, ასეთ შემთხვევაში რას უკავშირდებოდა გამოძიების არაეფექტურობა. ეს იყო, უბრალოდ, პოლიტიკური ნების არარსებობა, რომ ამ საქმეებზე გამოძიება ყოფილიყო ბოლომდე მიყვანილი, თუ უბრალოდ სხვა მომენტთან გვქონდა ჩვენ შეხება,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები