23 აპრილი 2024,   21:58
ვრცლად
ტრამპმა და პუტინმა შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან მოკლე განცხადებები გააკეთეს

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ჰელქსინკი და ფინეთის პრეზიდენტის სასახლეა, სადაც ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა საათნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა და მას მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელიც, გეგმის თანახმად, საათი და 45 წუთი უნდა გაგრძელდეს.

სამიტის დღის წესრიგი არ არსებობს. თუმცა, იგეგმებოდა ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების, სირიის, უკრაინის, კორეისა და ტერორიზმის საკითხებზე მსჯელობა.

პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა მოკლე განცხადებები გააკეთეს.

შეერთებული შტატების ლიდერმა კოლეგას მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება მიულოცა და ვლადიმერ პუტინთან შესანიშნავი ურთიერთობის დამყარების იმედი გამოთქვა.

„ვფიქრობ, კარგი შესაძლებლობა გვაქვს ორივე ქვეყანას, რომლებსაც ბოლო რამდენიმე წელია, კარგი ურთიერთობა არ აქვთ. დიდი ხანი არ არის, რაც პრეზიდენტი ვარ. ორი წელი სრულდება, მაგრამ ამას დავასრულებთ არაჩვეულებრივი ურთიერთობის დამყარებით. მსოფლიოს სურს, რომ ჩვენ გავუგოთ ერთმანეთს. ჩვენ ორი დიდი ბირთვული სახელმწიფო ვართ. გვაქვს ბირთვული არსენალის 90 პროცენტი. ეს კარგი არ არის, ეს ცუდია,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პირველ პირთან პრობლემურ თემებზე ისაუბრებს.

„სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა აქ, ფინეთის სტუმართმოყვარე მიწაზე. ჩვენ ვაგრძელებთ რეგულარულ კონტაქტს ერთმანეთთან. ვილაპარაკეთ ტელეფონით, შევხვდით რამდენჯერმე სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების დროს. რა თქმა უნდა, დროა, დეტალურად ვილაპარაკოთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და მსოფლიოს სხვადასხვა პრობლემურ სფეროზე. ასეთი ბევრია,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ისტორიული სამიტის შედეგებს ლიდერები ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნობენ.

დღის ამბები