19 აგვისტო 2018,   08:21
ვრცლად
მორიგი ტრაგედია ტყიბულში - ქალაქი ოთხ მეშახტეს გლოვობს

მორიგი ტრაგედია ტყიბულში - ამჯერად ქალაქი მინდელის შახტში დაღუპულ 4 მეშახტეს გლოვობს. ცხედრები ამ დრომდე პროზექტურიდან სახლში არ გადაუსვენებიათ.

გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი 54 წლის მიხეილ გამეზარდაშვილია. ის ოჯახში უკვე მეორეა, ვინც მინდელის შახტაში დაიღუპა. სამი თვის წინ მომხდარ აფეთქებას ამ ოჯახის კიდევ ერთი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულების ახლობლები და მოქმედი მეშახტეები ამბობენ, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. უბედური შემთხვევა ამჯერადაც იმ უბანზე მოხდა, სადაც აფეთქებას სამი თვის წინ 6 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამთენიისას მომხდარ შემთხვევას, დაღუპულების გარდა, არიან დაშავებულებიც. 6 მეშახტეს სხეულის დამწვრობები აქვს მიღებული. დამწვრობის ხარისხის გამო, რამდენიმე მათგანი თბილისში დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.

ჯერჯერობით არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია აფეთქება შახტში. სავარაუდოდ, მეთანის აფეთქებას კედლების დეფორმაცია და ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

იმუშავა თუ არა უსაფრთხოების დაცვის სისტემამ, ამაზე პასუხი არა აქვთ შახტის ადმინისტრაციაში.

ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

საქნახშირის ხელმძღვანელობას და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს დღეს ტყიბულის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. ტყიბულში ყველა შახტი ამ დროისთვის დახურულია გამოძიების დასრულებამდე და ვიდრე საერთშორისო ექსპერტიზა არ დადებს დასკვნას, რომ ადგილზე მუშაობის გაგრძელება უსაფრთხოა. 

დღის ამბები