19 აგვისტო 2018,   08:18
ვრცლად
დაპირისპირებული დეპუტატები პარლამენტის დარბაზში - ბესელიას და თინა ბოკუჩავას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე აშველებდა

მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურის განხილვა დღეს პარლამენტში დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა. პოლიტიკური ოპონენტები საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებულმა განცხადებებმა გააღიზიანა, რაც მწვავე კამათში გადაიზარდა.

კონფლიქტი თინა ბოკუჩავასა და ეკა ბესელიას შორის ჩხუბში ტექნიკური შესვენების დროს გადაიზარდა.

ბოკუჩავა ბესელიას საპარლამენტო გამოსვლამ გააღიზიანა. იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციის დეპუტატი ყოფილი ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილისგან ძვირფასი საჩუქრის მიღებაში დაადანაშაულა.

ეკა ბესელიამ ეს ფაქტი მას შემდეგ გაიხსენა, რაც ოპოზიციის დეპუტატმა მთავარი პროკურორობის ახალი კანდიდატი გააკრიტიკა. თინა ბოკუჩავამ ბიძინა ივანიშვილთან და ბადრი პატარკაციშვილთან შალვა თადუმაძის ურთიერთობა გაიხსენა. მისი თქმით, "ქართული ოცნების  რჩეულის მთავარი დამსახურება ოლიგარქების დაცვაა".

ორი ოლიგარქის საადვოკატო მომსახურეობის შესახებ დღეს პარლამენტში ისაუბრა ახალმა მთავარმა პროკურორმაც.

ახალი მთავარი პროკურორის განხილვა პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის ბოიკოტის ფონზე, თუმცა, მაინც ხმაურით წარიმართა. ოპოზიციის ნაწილს, ვინც დარბაზში იყო, აინტერესებდა, როგორ აპირებს თადუმაძე, იყოს ბიძინა ივანიშვილის გავლენებისგან დამოუკიდებელი პროკურორი და გამოიძიოს გახმაურებული მკვლელობები, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში მოხდა და დღემდე გაუხსნელია.

მთავარი პროკურორის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი დღეს პარლამენტმა 101 ხმით დაამტკიცა.

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები