16 ოქტომბერი 2018,   21:42
ვრცლად
შრომითი უსაფრთხოების კანონის გამკაცრება - კობახიძის შემდეგ კვირიკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც აკრიტიკებს

ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც აკრიტიკებს. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებას ადასტურებს, რომლის მიხედვით, შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრება კვირიკაშვილის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, ყოფილი პრემიერი ითხოვდა, საკანონმდებლო ორგანოს შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არ გაემკაცრებინა.

„ბატონმა ირაკლიმ თქვა ის, რაც რეალურად მოხდა და ამას ვადასტურებ სრული პასუხისმგებლობით, ნამდვილად ისე იყო, როგორც ბატონმა ირაკლიმ თქვა. ანუ, ჩვენ გვქონდა განსხვავებული პოზიციები, საპარლამენტო გუნდში გვქონდა პოზიცია ის, რომ ურო მკაცრი, ხისტი დამოკიდებულება უნდა იყოს და სანქციები უფრო ხისტი უნდა იყოს, ასევე აღსრულების მექანიზმები, შრომის ინსპექციის მანდატი უფრო ფართო უნდა იყოს, მაშინდელ მთავრობას სხვა დამოკიდებულება ჰქონდა,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ ადრეც და ახლაც მისი კომიტეტის პოზიციაა, რომ შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს.

„იურიდიული კომიტეტის სახელით შემიძლია დავადასტურო, რომ იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც სჭირდება ჩვენი დასაქმებულების უსაფრთხოების დაცვას, ამისთვის მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ასეთ რაციონალურ წინადადებას,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები