გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატად ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად ოპოზიციურმა გაერთიანებამ ძალა ერთობაშია წარადგინა. 10-მა პოლიტიკურმა პარტიამ საერთო მიზნებისა და საერთო კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება შეძლო. მათი მთავარი ამოცანა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაა. ერთობლივ დეკლარაციაზე პარტიებმა ხელი ორი დღის წინ მოაწერეს, თუმცა პროცესი ამით არ დასრულებულა. სამოქალაქო მოძრაობაში თანამშრომლობისთვის ყველა პროდასავლურ ძალას ელოდებიან.
"როგორც არასოდეს ახლოს ვართ გამარჯვებასთან და ახლოს ვართ ხალხის გამარჯვებასთან, უნდა გაიმარჯვოს არამხოლოდ ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ, უნდა გაიმარჯვოს საქართველოს ყველა იმ მოქალაქემ, ვისაც სურს უკეთესი ხვალინდელი დღე,"-აცხადებს ნიკა მელია.
"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა კი განმარტავს, რომ ოპოზიციურ ძალებს მაქსიმალური მობილიზება აქვთ და ქვეყანაში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლისთვის იბრძვიან.
"ეს ერთობა იძლევა იმის გარანტიას, ბატონ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად რომ დავასრულოთ ის მდგომარეობა, ის რეალობა, რომელიც არის დღეს ქვეყანაში,"- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.