„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა“- ამ თემაზე დისკუსია გაიმართა ვაშინგტონში, ჰელსინკის კომისიაში. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის მოსმენაზე საქართველოს ელჩმა ამერიკაში, მონაწილეებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება გააცნო. მომხსენებლებმა ისაუბრეს ოკუპაციის მძიმე შედეგებისა და იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომლებსაც შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით ახორციელებს.
"საქართველოში შეჭრამ დაადასტურა ვლადიმირ პუტინის მზადყოფნა გამოიყენოს სამხედრო ძალა და სადაზვერვო სამსახურები საერთაშორისო საზღვრების შესაცვლელად და მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩასარევად. მეტიც, ბატონმა პუტინმა დაადასტურა ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესის საბოტაჟი. ჰელსინკის კომისია ატარებს ამ მოსმენას, იმისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ არ მოადუნოს ყურადღება საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის მიმართ. ექსპერტები დაგვეხმარებიან შევაფასოთ, აკეთებს თუ არა შეერთებული შტატები შეძლებისდაგვარად ყველაფერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და საქართველოს დასახმარებლად ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა გზაზე," - აცხადებს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი.
სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველოში შეჭრით, ქვეყანას ხელი შეუშალა ნატოში ინტეგრაციაში და პუტინი აკეთებს იმას, რის საშუალებასაც მას საერთაშორისო თანამეგობრობა აძლევს.
"ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა განხორციელდა ბატონი პუტინის გათვლით, რომ ამ ქმედებას საერთაშორისო თანამეგობრობიდან მინიმალური რეაქცია იქნებოდა მას მიეცა შესაძლებლობა, ხელი შეეშალა საქართველოს ევროპასა და ნატოში ინტეგრაციისთვის. ამის შემდეგ ვნახეთ, რა გააკეთა ბატონმა პუტინმა უკრაინაში შეჭრით და ყირიმის ანექსიით. ის აკეთებს იმას, რის საშუალებასაც საერთაშორისო თანამეგობრობა აძლევს. მისი მიზანია ევროპის ერთიანობისა და ზოგადად, დემოკრატიული ინსტიტუტების რისკის ქვეშ დაყენება," - აცხადებს სენატორი მერილენდის შტატიდან, ბენ კარდინი.
რუსეთის უკანონო ქმედებებზე საუბრობს საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე და აცხადებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან უკანონო ქმედებები მუდმივ რეჟიმში გრძელდება.
"რუსეთის ფედერაცია ყველა საერთაშორისო ვალდებულების უხეში დარღვევით აძლიერებს საქართველოს ტერიტორიაზე მის სამხედრო ყოფნას და ოკუპაციას და უკანონოდ ჰყავს განთავსებული სრულყოფილად მოქმედ სამხედრო ბაზებზე ათასობით სამხედრო მოსამსახურე და თანამედროვე თავდასხმითი შეიარაღება. მუდმივად ახორციელებს სამხედრო სწავლებებს და არღვევს საქართველოს საჰაერო სივრცეს. პარალელურად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ,"-აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძე.
ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი კი რუსეთის ქმედებებს საქართველოს მიმართ, "რევანშისტულ კრემლს უწოდებს."
"2008 წლის შემდეგ ჩვენ ვნახეთ რევანშისტული კრემლი, რომელსაც განზრახული აქვს გაანადგუროს დემოკრატიული მიღწევები, შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი და მოახდინოს დომინირება მის მეზობლებზე. დღეს სტრატეგიული გარემო საფუძვლიანად შეიცვალა და ჩვენი მიდგომა აღმოსავლეთ ევროპასთან ასევე უნდა შეიცვალოს. ბუქარესტში ნატომ ვერ შეძლო გაეცა სრულფასოვანი მიწვევა ახალი წევრებისთვის, რამაც ათწლიანი სტაგნაცია განაპირობა და რაც რუსეთმა გამოიყენა. ნატოს ბოლო სამიტზე ალიანსმა ჩრდილოეთ მაკედონია მიიწვია, იგივე უნდა გავაკეთოთ, საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით,"-აცხადებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი.