ე.წ. მცირე მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელსაც ხელისუფლების განცხადებით ბიუროკრატიული ხარჯები უნდა დაეზოგა, შტატების შემცირება მოჰყვა.
უკვე ცნობილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად სამუშაოს გარეშე დარჩებიან განათლების სამინისტროს თანამშრომლები, მათი რაოდენობა უცნობია. განკარგულება სამინისტროს ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ რეორგანიზაციას შესაძლოა, შტატებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება მოჰყვეს.
„საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია 2018 წლის 12 ივლისიდან, რომელსაც შესაძლოა, მოყვეს შტატებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება.
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები 2018 წლის 12 ივლისიდან ჩათვალონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებულ პირებად, შეუნარჩუნდეთ თანამდებობრივი სარგოები და გააგრძელონ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.
სამინისტროში დამატებით განმარტებას არ აკეთებენ, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ შტატების შემცირება რეორგანიზაციის თვითმიზანი არ არის. ოპოზიცია დასაქმებულების უსამსახუროდ დარჩენას სხვა სამინისტროებშიც აანონსებს, უმრავლესობაში კი ამბობენ,რომ ეს ოპტიმიზაციის შედეგად მოსალოდნელი იყო.
„ერთი რაშიც შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო რომ არცერთი პროფესიონალი არ დარჩება არცერთი დარგის მიღმა და სისტემაში აუცილებლად იქნებიან შენარჩუნებული“-ამბობს მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.