აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება.
თორნიკე რიჟვაძისთვის მხარდაჭერის შესახებ ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამით კიდევ ერთი დაპირისპირება მმართველ გუნდსა და გიორგი მარგველაშვილს შორის თავიდან იქნა აცილებული.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რიჟვაძე ღირსეული კანდიდატია.
„ეს არის ღირსეული კანდიდატი რომელიც იყო წარმოდგენილი ქართული ოცნების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით გაუძღვება საქმეს, რომელსაც ჰქვია აჭარის განვითარება“- ამბობს კობახიძე.
პრეზიდენტს აკრიტიკებს ოპოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილს ზურაბ პატარიძის შემცვლელად ალტერნატიული კანდიდატურა უნდა წარედგინა.
„სამწუხაროა, რომ მარგველაშვილმა არ მისცა შანსი ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს და პირდაპირ დაასახელა ოცნებისთვის სასურველი კანდიდატი“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ არც არის გასაკვირი ის ნაბიჯი რომელიც მარგველაშვილმა გადადგა, გოცირიძის თქმით, პრეზიდენტი სახელისუფლებო გუნდთან კონფროტაციას მოერიდა.
„არ წავიდა კონფროტაციაზე და არ მოინდომა აჭარის უზენაესი საბჭოს დაშლა,რაც ბუნებრივა იქნებოდა გასაკვირი“- ამბობს გოცირიძე.