22 ოქტომბერი 2018,   12:58
ვრცლად
მამუკა ბახტაძე ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში, შეხვედრებს მართავს. თავდაპირველად ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ,  მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოში გადაინაცვლებს, სადაც მთავარი შეხვედრაა დაგეგმილი. პრემიერი მოლაპარაკებებს საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან გამართავს, რის შედეგადაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ამბობს, რომ საუბრის ძირითადი თემა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები იქნება, ასევე ასოცირების ხელშეკრულების ინპლემენტაცია.

„ის პოზიტიური შეფასებები, რომელიც გვაქვს ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების მხრიდან, აუცილებლად საჭიროებს შემდგომ ნაბიჯებს და საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, კვლავ გააგრძელებს თანმიმდევრულ სვლას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით,“- განაცხადა დავით ზალკანიანმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართებაში  ნატო პოზიციას არ ცვლის და ალიანსი მზად არის არსებით პაკეტს მეტი კომპონენტი შესძინოს.

„ნატოს სტრატეგიული ინტერესია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და შესაბამისად საქართველოს ჩართულობა იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით აღნიშნა ასევე, სხვადასხვა პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობა ნატო-საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში,“- აცხადებს ლევან იზორია.

დღის ამბები