20 აპრილი 2024,   16:44
ვრცლად
ყველა გადავდგებით თუ საჭირო იქნება, არ არის პრობლემა - "საქნახშირის" გენერალური დირექტორი

„ყველა გადავდგებით თუ საჭირო იქნება, არ არის პრობლემა,“ - ეს განცხადება, ”საქნახშირის” გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა მეშახტეებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ტყიბულის ცენტრში, მერიასთან „საქნახშირის“ თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს და კომპანიის ხელმძღვანელობის შეცვლა მოითხოვეს.

ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რის შემდეგაც არ გამორიცხავს, რომ თავადაც დატოვოს თანამდებობა.

„ავარიულ რეჟიმში ვართ, ხალხი ხედავთ, რომ სამსახურში არ დადის, ტექნიკური პერსონალის მიერ ვატარებთ უსაფრთხოების ღონისძიებებს, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომ არ მოხდეს და არ გართულდეს და უფრო არ გადაიზარდოს დიდ იმაში. როგორც კი სტაბილიზაცია შევა, მე ამათ დავპირდი და ველაპარაკე, ყველა პასუხისმგებელი პირის, რომელიც არის მოთხოვნა, განხილული იქნება და ალბათ, ისინი აღარ იქნებიან ხელმძღვანელობაში. არც მე არ ვაპირებ მართალი, რომ გითხრა, დარჩენას,“ - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველების” მდივანი, ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე აცხადებს, რომ მოცემულობის გაცნობის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობის შეცვლასთან დაკავშირებით.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შახტების დახურვა პრობლემას ვერ გადაჭრის.

„მისი დახურვა ანუ კონსერვაცია კიდევ დამატებით ხარჯებთან და დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული. მე ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად უზრუნველვყოთ იქ დასაქმებულთა, მეშახტეების, შრომითი პირობები,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

დღის ამბები